არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან.
მათი თქმით, თამარ ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის ამაღლებას.
ისინი მიიჩნევენ, რომ თავმჯდომარისა და სხვა პროფესიული წევრების ვაკანტურ პოზიციებზე ისეთი კანდიდატები უნდა შეირჩნენ, რომლებიც გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას.
“ამ ფონზე აუცილებელია ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და სხვა პროფესიული წევრების ვაკანტურ პოზიციებზე ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც გაზრდიან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეფექტურ იმპლემენტაციას შეეწყობა ხელი. ამასთან, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მიუკერძოებელი კანდიდატურების შერჩევა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შორის მაქსიმალური კონსესუსის საფუძველზე მოხდეს.
აუცილებელია, რომ განსაკუთრებით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი წარიმართოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ. მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა სწორედ საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ნდობაზე იქნება დამოკიდებული. ამ გზით ქვეყანა თავიდან აიცილებს ისეთ პოლიტიკურ კრიზისს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა” ,– წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
- ღია საზოგადოების ფონდი