“რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში თქვენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?!” – ასე მიმართა, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, რომელსაც პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.
„დღეს რა შეიძლება გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ლარის გამყარება. გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში და რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურ ბაზარს? არ ვიცი ეს თქვენი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჯადოს დამსახურებაა თუ სხვა რამისა, მაგრამ ეროვნულ ბანკს ახლა ოფიციალურად მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც ის აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა. ეს არის გასაიდუმლოებული, შემდეგ თვენახევრის მერე ვიგებთ საერთო დაჯამებულ რაოდენობას, ოღონდ არ ვიცით, როდის განახორციელა მცირეოდენი ინტერვენციები, რომელიც ლარის რყევებზე გავლენას ახდენს. თუ მხოლოდ პოლიტიკური დადებითი ფონის შექმნისთვის კეთდება ეს, ჯანდაბას, კიდევ არაუშავს, მაგრამ ასეთი სწრაფი გამყარება და ხტუნაობა შესაძლებელია ბევრ სხვა ეჭვებსაც აღძრავდეს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.