რა შემთხვევაში გამოცხადდება ქვეყანაში მკაცრი კარანტინი – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საშუალო სიმძიმის შემთხვევაში 9 მაისამდე ქვეყანაში 2000 კორონავირუსით ინფიცირებული იქნება, ხოლო ცუდ შემთხვევაში- 4000 ათასზე მეტი.

„საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს. ცუდი გამოსავლის შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება 4 000 – ზე მეტი დადასტურებული კოვიდპაციენტი, რაც რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია”,- ამბობს ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, თუ შემდეგ ორ კვირაში კრიტიკული ზღვარი, 2000 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდება, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება.

,,ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა, რომელიც დინამიკაში გაცილებით უფრო მძიმედ გამოიყურება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია, ჩვენ უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და შესაბამისად ვმართოთ ყოველივე ეს უმკაცრესი ხელით“,- განაცხადა მინისტრმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ განისაზღვრება კონკრეტული მიზნობრიობა, თუ რა შემთხვევაში შეძლებს მოქალაქე სახლის დატოვებას.

ამ დროისთვის ქვეყანაში 306 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 71 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.