რესტორნებს ექნებათ ვალდებულება, მონიშნონ ადგილები, სადაც მაგიდები განთავსდება – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ რესტორნები გაკონტროლდება, მოინიშნება ადგილები, სადაც მაგიდები უნდა დაიდგმება.

,,შემუშავებულია რეკომენდაციები, რა ფართობი შეიძლება, იყოს დაკავებული, როგორ უნდა იყოს დაცული დისტანცია და რაც მთავარია, რესტორნის ყველა მეპატრონეს ექნება ვალდებულება, რომ მონიშნოს ადგილები. როგორც იყო მონიშნული ეკლესიების ეზოებში, სადაც უნდა დამდგარიყო ადამიანი, ასე იქნება მონიშნული, სად უნდა იდგეს მაგიდა და თითოეულ ჩვენგან შეუძლია გააკონტროლოს. ნორმების დაცვით იქნება გაკეთებული”,-ამბობს იმნაძე.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ იმ რესტორნებში, სადაც ზედმეტი მაგიდა იქნება ჩადგმული.

“როდესაც შევალთ რესტორანში, ვნახავთ რამდენად არის მაგიდა მონიშნული და მაგალითად, თუ ნახავთ, რომ ზედმეტი მაგიდა არის ჩადებული, ნუ შევალთ ასეთ რესტორანში. ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი. ეს ასევე სახელმწიფო სამსახურების მხრიდანაც გაკონტროლდება, ვთქვათ რომელ რესტორანს რამდენი ადამიანის მიღება შეეძლება და რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება ტერიტორიაზე”,- აცხადებს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, რომ პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე რესტორნები იხსნება, ხოლო 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.