როგორი იყო COVID-19-ით გარდაცვლილი მე-9 პაციენტის მდგომარეობა – რატიანის განმარტება

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი “დაახლოებით, 60 წლის” ქალი იყო.

მან მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ რომ პაციენტი კლინიკაში სამ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდა და მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„მას ჰქონდა ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით. პაციენტი მოთავსდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენ კლინიკაში. პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, “ჩატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო და რამდენიმე წუთის წინ, ქალი გარდაიცვალა”.

დღეს კორონვირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, საქართველოში ინფიცირების 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა.