როგორც კობახიძემ ბიძინა დააზიანა თავისი ბოდვით, მისი დაუძინებელი მტერიც კი ვერ მოახერხებდა – ხუხაშვილი

“არ ვიცი ამას შეგნებულად აკეთებს, თუ სიბრიყვით, მაგრამ როგორც კობახიძემ ბიძინა დააზიანა თავისი დღევანდელი ბოდვით, მისი დაუძინებელი მტერიც კი ვერ მოახერხებდა”

ამის შესახებ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც ეხმაურება მმართველი გუნდის  თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, კობახიძემ არ გამორიცხა, რომ Credit Suisse ივანიშვილს ფულს “კოორდინირებული მოქმედებების” შედეგად არ უხდის.

“პოსტ ტვ-ის” ჟურნალისტ ხათუნა ხოფერია  ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებას და აღნიშნა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს. სწორედ ხოფერიას განცხადებას გამოეხმაურა შემდეგ, ირაკლი კობახიძე რომელმაც აღნიშნა  რომ არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

“ვნახე განცხადება და მე მგონია, რომ ეს კითხვები ლეგიტიმურია, არცთუ უსაფუძვლოა. ჩვენ ვხედავთ რაღაც კოორდინაციას და ეს კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ალბათ ლოგიკური. ჩვენთვის გასაკვირი იყო ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, იყო გაუგებარი კოორდინაცია მაღალი ხარისხით. ჩვენ გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის ალოგიკური გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის და აქაც ჩანდა კოორდინაცია, იყო სხვა შემთხვეევებიც, ალოგიკური მოვლენები. ევტუშენკოვის ზარიც გაუგებარია – კაცი სანქციებს არ ექვემდებარება, ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ენმ-სთან დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემაა. გამოგონილი თემა გაუგებარი ზარით, ესეც კომუნიკაციაზე მიუთითებს.

ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკიდან… შვეიცარიული საბანკო [სისტემა] სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდა ათწლეულები და როცა ასეთი საბანკო სისტემის ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს.

არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, თუ ვინმეს აქვს ასეთი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში, იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელი და არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს”, – განაცხადა კობახიძემ.