როცა გასაკრიტიკებლები იქნებიან, გავაკრიტიკებთ – მდინარაძე ელჩებზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც კარლ ჰარცელს დიპლომატიური სტანდარტები დაუწუნა. მისი თქმით, როდესაც პარტნიორი ქვეყნების დიპლომატები “გასაკრიტიკებლები იქნებიან”, გააკრიტიკებენ.

“ჩვენ საყვედურიც გამოვთქვით და გავაკრიტიკეთ კიდევაც [კარლ ჰარცელი]. არ მოვერიდეთ იმიტომ, რომ ობიექტურები და მართლები ვართ ამ შემთხვევაში. თუ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებს მადლობა ვუხდით იმისთვის, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები და როგორ უდგანან ამ ქვეყანას გვერდით, ეს ერთი მხარეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა მათი განცხადებები ობიექტურად არ მოგვეჩვენება, ამაზე არ ვილაპარაკოთ.

როცა გასაკრიტიკებელი იქნება კონკრეტული ადამიანი, აუცილებლად გავაკრიტიკებთ. როდესაც მადლობა იქნება სათქმელი, მადლობას ვიტყვით, ეს არის სწორი დამოკიდებულება”,– ამბობს ის გადაცემა “პოლიტ-ქალაქში”.

მდინარაძე დარწმუნებულია, რომ პარტნიორები საქართველოს “ზურგს არასდროს შეაქცევენ”, რადგან “ნამდვილ მეგობრებს ზურგს არასდროს აქცევენ”.