„რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს რამზან კადიროვი არ გააღიზიანოს, რის გამოც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ოპონენტებზე ხელს იშვერს, რაც უზნეობაა.
ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლეზე წინ არ უნდა დააყენოს ქვეყნის მტრების შიში და კრძალვა.
„ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ხელისუფლებას, სახელმწიფოებრიობის გაგება, შეუძლებელია ამ ფაქტის თაობაზე რაღაც დონეზე პოლიტიკური პროტესტი რუსეთის მიმართ არ გამოეთქვა. პუტინი კი არა, კადიროვი არ გავაღიზიანოთო, ლამის ამ დონეზეა ხელისუფლება დაშვებული. ასე ლაპარაკობს პრეზიდენტით დაწყებული დეპუტატებით გაგრძელებული. ამის გარდა, კიდევ არის ხელის გაშვერა პოლიტიკურ ოპონენტებზე შიგნით. იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომლის მხარდამჭერადაც მოიაზრება ის ჟურნალისტი, რომელზეც აპირებდნენ თავდასხმასა და მკვლელობას. უბრალოდ აბსურდით არ ჰქვია, სიგიჟეში ვართ.
ამას ამორალიზმი ჰქვია და უზნეობა, ეს ყველანაირ მორალურ ზღვარს სცდება, როდესაც შენ პუტინის, კადიროვის სხვა ქვეყნის მტრების ინტერესებს, მათ წინაშე რიდს, კრძალვას, შიშს, გნებავთ პოლიტიკურ გათვლას აყენებ უფრო წინ, ვიდრე შენი ქვეყნის მოქალაქეს, თუნდაც შენი პოლიტიკური ოპონენტის სიცოცხლეს. ამაზე უარესი რა უნდა ქნა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, რამზან კადიროვის მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან უფლება არ აქვს სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს.
პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, დანაშაული აღკვეთილია, თუმცა ყველა შეეცდება, ამ საკითხის თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას გუშინ კიდევ ერთხელ დაემუქრა და მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.