რუსეთთან ვაჭრობა დაუშვებელია, როდესაც გვბომბავენ – უკრაინის საგარეო საქართველოს მთავრობას

უკრაინამ საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავაჭრო სანქციების ნაწილის გაუქმების შესახებ.

მათი შეფასებით რუსეთისთვის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა დაუშვებელია.

“ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა საქართველოს ხელისუფლების უარის ფონზე, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, რომლის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს რაკეტებითა და ბომბებით, კლავენ უდანაშაულო მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, დაუშვებელია.

მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ დაშორდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობა არღვევს საერთაშორისო კანონს და ახორციელებს სამხედრო დანაშაულებებს უკრაინაში.

რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობა რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გასაგრძელებლად და ამგვარად მიღებული მოგება გაჟღენთილია მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით.

2008 წლის რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელება, რომელსაც უკრაინელები იძულებით გადიან. ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი ალბათ დაავიწყდა და ახლა ცდილობს, გამოიყენოს მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის”,– წერია საელჩოს განცხადებაში.

მანამდე უკრაინულმა მედიამ საელჩოს წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ საქართველოს მთავრობამ მოატყუა უკრაინის საელჩო, რომ არ აწარმოებდა რუსეთთან მოლაპარაკებას უკრაინაში მიმდინარე ომის დროს.

ცნობისთვის, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან 5 მარტის მოლაპარაკებების შედეგად, დღეს რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ სურს 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამაზე მოლაპარაკებებს 2020 წლიდან აწარმოებენ.