რუსეთს მცირე წინსვლა აქვს, მნიშვნელოვანი გარღვევისთვის არ მიუღწევია – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთს მცირე წინსვლა აქვს უკრაინის ზოგიერთ რაიონში მას შემდეგ, რაც ყურადღება გადაიტანა დონბასის სრულ ოკუპაციაზე.

“საკმარისი ლოგისტიკური და საბრძოლო მხარდაჭერის გარეშე რუსეთს ჯერ კიდევ არ მიუღწევია მნიშვნელოვანი გარღვევისთვის”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე შეფასებით, რუსეთის გადაწყვეტილება მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანის ალყაში მოქცევისა და არა თავდასხმის შესახებ ნიშნავს, რომ ბევრი რუსული ერთეული რჩება ქალაქში და მათი გადანაწილება შეუძლებელია – “მარიუპოლის მცველებმა ასევე დაქანცეს მრავალი რუსული ქვედანაყოფი და შეამცირეს მათი საბრძოლო ეფექტურობა”.

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი შესაძლოა მალავდეს დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზებაა, რომ დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხი გააკონტროლონ სამხედროებმა და არა სამოქალაქო ჩინოვნიკებმა. ეს შეიძლება ნაკარნახევი იყოს მოსახლეობისგან ზარალის რეალური მასშტაბის დამალვის სურვილით”, – ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.