რუსეთს უარი არ უთქვამს კიევისა და ჩერნიგოვის აღების მცდელობებზე – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთს ჯერ არ უთქვამს უარი კიევისა და ჩერნიგოვის აღების ან ალყაში მოქცევის მცდელობებზე, მიუხედავად მათი განცხადებისა ამ რაიონებში საომარი მოქმედებების მკვეთრი შემცირების შესახებ.

თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, ამის შესახებ უკრაინას ოპერატიული ინფორმაცია აქვს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნავს ცალკეული ქვედანაყოფების გარკვეულ მოძრაობას კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. ამავდროულად, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ტერიტორიებიდან რუსული ჯარების მასობრივ გაყვანას”,– აცხადებს სპიკერი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი აცხადებს, რომ მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და, “ალბათ, დროებით დათმო კიევის ბლოკირების ამოცანა”.

ცნობისთვის, გუშინ სტამბოლში მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ რადიკალურად შეამცირებს კიევთან და ჩერნიგოვთან საომარ მოქმედებებს.