რუსი ექიმი ამტკიცებს, რომ კორონავირუსისგან არყით განიკურნა

ინფორმაცია თითქოსდა ალკოჰოლით კორონავირუსის მკურნალობის ეფექტურობის შესახებ სოციალურ ქსელებში პანდემიის დასაწყისიდანვე ვრცელდებოდა, თუმცა ექიმები მას რეგულარულად უარყოფენ. ამჯერად “იტალიელი ექიმის“ ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის ამბობს, რომ კორონავირუსისგან ერთ დღეში განიკურნა. ვიდეოზე აღბეჭდილი მამაკაცი ამბობს, რომ ალექსანდრ კოლოსოვია და ბოლო 20 წლის მანძილზე იტალიის ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს. ის არ ამბობს, რომელ ქალაქში ან რა სპეციალობით. თუმცა  ამბობს, რომ განათლებით ექიმია და სამედიცინო სტრუქტურაში მუშაობს, რომლის პაციენტები ხანდახმული ადამიანები არიან და რომ „მათ ყველაზე მძიმე დანაკარგი განიცადეს“ პანდემიის დროს. სავარაუდოდ ის ხანდაზმულთა სახლებს გულისხმობს.

მამაკაცი ამბობს, რომ პაციენტებთან მუშაობის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო და კორონავირუსის ყველა სიმპტომი ქონდა, რის შემდეგაც ნიღბის ქვეშ არაყში დასველებულ მარლას იდებდა და ამით რეგულარულად სუნთქავდა, ღამით კი ბალიში არყით დაასველა. მისი ლოგიკა იმას ეფუძნება, რომ ალკოჰოლი შესუნთქვის გზით ფილტვებში მოხვდა და პირდაპირი ზემოქმედება მოახდინა ვირუსზე.  ის ამბობს, რომ ამის შემდეგ ერთ დღეში თავი კარგად იგრძნო და ანალიზის ჩაბარების შემდეგ დარწმუნდა, რომ კორონავირუსი არ ქონდა. მამაკაცი არ ასახელებს არანაირ მტკიცებულებას იმისა, რომ თავიდაპირველად მას ნამდვილად ქონდა კორონავირუსული ინფექცია.

ვიდეოს საკმაოდ ფართო გავრცელება და პოპულარობა მოჰყვა სოციალურ ქსელებში როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში.

სწორედ უკრაინელმა ფაქტჩეკერებმა შეისწავლეს მისი “მეთოდი“ და ამტკიცებენ, რომ არყის შესუნთქვას არც კორონავირუსის და არც სხვა რომელიმე დაავადების განკურნება არ შეუძლია. როგორც ისინი ხუმრობენ, ამ მეთოდით მხოლოდ იმას მიაღწევთ, რომ არყის სუნით იქნებით აყროლებული, თქვენს სახლში კი არყის რაოდენობა შემცირდება.