რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსის პრესსპიკერი, კირა იარმიში ავრცელებს.

კირა იარმიშის თქმით, პოლიტიკოსი უგონო მდგომარეობაშია და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. საავადმყოფოში სამართალდამცველებიც გამოიძახეს.

პოლიტიკოსის პრესსპიკერი ვარაუდობს, რომ ნავალნი მოწამლეს.

იარმიშის თქმით, საწამლავი, სავარაუდოდ, ჩაიში იყო შერეული.

“ვვარაუდობთ, რომ საწამლავი ჩაიში იყო. მან დილის შემდეგ მხოლოდ ჩაი დალია. ექიმები ამბობენ, რომ საწამლავი ცხელი სითხიდან უფრო სწრაფად შეიწოვება. ამჟამად ალექსეი უგონოდაა”.

მანვე აღნიშნა, რომ ნავალნი  ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა.

“ჩაის გარდა არაფერი დაულევია. მანამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო. მთხოვდა, რომ მასთან მელაპარაკა, რადგან კონცენტრაცია უჭირდა. მერე საჭირო ოთახში გავიდა და გონება დაკარგა”, – აცხადებს პრესმდივანი.