რუსმა ჯარისკაცმა შემთხვევით საკუთარი სელფი დატოვა უკრაინელი ქალის სახლში, რომელიც გაძარცვა

უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რუს ჯარისკაცზე, რომელმაც კიევის ოლქის ქალაქ ირპენის მაცხოვრებელი ქალი გაძარცვა, თუმცა სახლში შემთხვევით საკუთარი ფოტო დატოვა.  ჯარისკაცმა საკუთარ თავს ფოტო  Polaroid–ის აპარატით გადაუღო, თუმცა ფოტო იქვე მიაგდო.

“როცა ფოტო ვნახე, მივხვდი, რომ ჯარისკაცმა იფიქრა, თითქოს აპარატი გაფუჭებული იყო, რადგან ფოტო თავიდან შავი გამოდის და შემდეგ იძენს გამოსახულებას. ამას კი დრო ჭირდება.“–ვარაუდობს ქალი.

გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოხდა ჯარისკაცის იდენტიფიცირება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. თუმცა, მედიამ თავისი გამოძიება ჩაატარა და ივარაუდა, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდება.

გამოცემა “მნიშვნელოვანი ისტორიების“ მონაცემებით სამხედრო პაველ პილატოვია. ის მურმანსკის ოლქის ქალაქ კანდალაკშის მაცხოვრებელია. აქვს სანკტ–პეტერბურგის მთავრობის პრემია “მაღალი სპორტული შედეგებისთვის საერთაშორისო და რუსულ სპორტულ შეჯიბრებებზე“. ჯარისკაცი ნიჩბოსანია. მას აქვს 70 ათასი რუბლის ვალი და ერთდროულად ორი რეგიონის აღმასრულებლები ეძებენ.

ამჟამად პილატოვი 104 სადესანტო მოიერიშე პოლკის მოსამსახურეა, რომელიც კიევის ოლქში დასახლებული პუნქტების წმენდაში იღებდა მონაწილეობას. უკრაინულმა მედიამ პილატოვის მამას დაურეკა, თუმცა მისი კომენტარი ჟურნალისტების ლანძღვით შემოიფარგლა.