რუსული თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა

რუსული თვითმფრინავი Azimuth Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა ოკუპანტი ქვეყნიდან წამოსულ რუსებს საქართველოში საპროტესტო აქციით ხვდებიან. ადგილზე შეკრებილები არიან   სტუდენტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი არის, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში არ უნდა იფრინონ, მათი მთავარი ადრესატი კი “ქართული ოცნებაა”.

აეროპორტში შსს-ს განსაკუთრებული მობილიზება აქვს გამოცხადებული. ადგილზე იმყოფება, ვაჟა სირაძეც.

”აქციაა დანონსებული, ყველა აქციაზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები,  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის იმყოფებიან ადგილზე” – ამბობს ვაჟა სირაძე “ფორმულასთან”.

ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ პირდაპირი ფრენების უფლება, აშშ-ის და უკრაინის მიერ  მიერ სანქცირებულ, რუსულ ავიაკომპანიასაც მისცა.

”ავიაკომპანია Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იწყებს ოპერირებას
მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა”- ნათქვამია განცხადებაში.