სააკაშვილის ადვოკატები 7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძის დაკითხვას მოითხოვენ

მიხეილ სააკაშილის ადვოკატის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმეზე მოითხოვენ ნინო ბურჯანაძისა და ზაზა გოგვავას ხელახალ დაკითხვას. სხდომას, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული, მესამე პრეზიდენტი ვერ დაესწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

“ჩვენ მოვითხოვთ ახალი მტკიცებულებების დართვას საქმის მასალებზე. ეს არის ძირითადად მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების ფუნდამენტურ დარღვევის ფაქტებს მისი დაპატიმრების შემდეგ და ასევე გვექნება შუამდგომლობა მოწმეთა ხელახალი დაკითხვის თაობაზე. საუბარია 2 მოწმეზე, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეზე და ზაზა გოგავაზე.

ორი მოწმის ხელახალი დაკითხვა უნდა მოხდეს სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, არა იმიტომ, რომ მათი ჩვენებები მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგოა და ამაზე შეიძლება განაჩენი დადგეს, არამედ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ პირადი შეხება ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან”,– თქვა დიტო საძაგლიშვილმა.

მისივე განმარტებით, ნინო ბურჯანაძე საუბრობს სააკაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ეს “უდავოა ისედაც”.

“თავად მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, რომ 7 ნოემბერი იყო ძალიან ცუდი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, დაშვებული იქნა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეცდომები და ამ შეცდომაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს, როცა გადადგა თანამდებობიდან და დანიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არის სრული აბსურდი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელმაც მოაწყო 20 ივნისი და არათუ ბრალი წარუდგინა შესაბამის დამნაშავე პირებს, თვითონვე მოახდინა ამნისტირება იმ ჯალათების და თვალების დამთხრელების, რომლებიც მონაწილეობდნენ 20 ივნისის ამ საშინელ ღამეს განვითარებულ მოვლენებში”, – თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.