სააკაშვილის ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება, ნონსენსია – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციას არ აპირებენ, რადგან ეს “სამართლებრივი ნონსენსია”

“ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება უკრაინაში, გარდა იმ შემთხვევაში, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექსტრადიცია უკრაინაში ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ამიტომ საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი.

თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს იქ, ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია, არც სამართლებრივი მიზანშეწონილობა არსებობს. ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში. ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება”,– განაცხადა მან.

წულუკიანმა აღნიშნა, რომ გაკვირვებულია, რომ თუ სააკაშვილი მოწოდებულია, რომ “თავი შეწიროს იდეალებს”, მას არ უნდა უნდოდეს კიევში დაბრუნება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ ის სისტემატურად აბრუნებს უკრაინის მოქალაქეებს უკრაინაში, სააკაშვილი კი გამონაკლისი არ იქნება.