სააკაშვილის მონახულების ნებართვა ვითხოვე, შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით – ანა ფოტიგა

”სააკაშვილის მონახულების ნებართვა ვითხოვე, შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა.

“ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში მონახულებაც არის. ვითხოვე მონახულების ნებართვა და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება. შეშფოთებული ვარ არსებულთან დაკავშირებით როგორც პიროვნება, რომელსაც ხშირი კონტაქტი ჰქონდა სააკაშვილთან, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, ხოლო მე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. ზოგადად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და დასავლეთშიც, ჩვენს საზღვართან არსებული ვითარება შემაშფოთებელია. ძალიან რთული დრო დგას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. აქ ვარ, რათა შევაფასო არსებული ვითარება. ვიმედოვნებ, ბატონ სააკაშვილს მოვინახულებ. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მის მონახულებამდე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამჟამად იუსტიციის სამინისტროსგან მის მონახულებაზე დაშვების ნებართვას ველოდები, რასაც, როგორც წესი, დრო სჭირდება”. – თქვა ანა ფოტიგამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.