სააპელაციო სასამართლომ ,,ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა

ფოტო: publika.ge

აქტივისტები და ადგილობრივები, რომლებიც ,,ანას ბაღის” გადასარჩენად იბრძვიან, ავრცელებენ განცხადებას, რომ სააპელაციო სასამართლომ ანას ბაღთან მშენებელ კომპანიას, ნებართვა მისცა, დავის დასრულებამდე საცხოვრებელი კორპუსი ააშენოს. მათი განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევა მოხდა.

,,ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! გაუგონარი რამ მოხდა!!!

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის შეჩერების გადაწყვეტილება და “ანას ბაღთან” მშენებლობის გაგრძელების ნება დართო მშენებელს დავის დასრულებამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო დავის განმავლობაში მშენებელს უფლება აქვს ააშენოს კორპუსი. აშკარად მოხდა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევა, ჩვენ მტკიცებულებად წარდგენილი გვქონდა არაერთი ექსპერტული დასკვნა, რომელიც უტყუარად ამტკიცებდა მშენებლობის დაუშვებლობას”,- აცხადებენ აქტივისტები.

მათი თქმით, არ დაუშვებენ მშენებლობის გაგრძელებას.

,,”ანას ბაღის” დამცველები არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას არ დავუშვებთ მშენებლობის გაგრძელებას გვაქვს იმედი ფართო საზოგადოების მხარდაჭერის.

ჩვენმა სამწლიანმა ბრძოლამ შეგვაჯახა სისტემურ დანაშაულებს, როგორიცაა კორუფცია ადგილობრივ თვითმართველობაში, მერიასა და საკრებულოში, გავლენიან მფარველებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მათ შორის განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში.
ეხლა კი აშკარაა სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლა არ მიმდიმარეობს მხოლოდ ერთი სკვერის გადასარჩენად, ეს არის ბრძოლა მახინჯი სისტემის დასანგრევად”,- წერენ ისინი Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სასამართომ 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქმის განხილვის დასრულებამდე ,,ანას ბაღთან” კორპუსის მშენებლობა აქამდე შეჩერებული იყო.