“საიდან იქნება არმია კარგი, როცა ყველაფერი დანარჩენი ნეხვშია“–რუსი მილიარდერი ომის წინააღმდეგ

რუსი მილიარდერი ოლეგ ტინკოვი მწვავე შეფასებას აძლევს რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მათ, ვინც ამ ომს მხარს უჭერს. ასევე აკრიტიკებს რუსული არმიას. ბანკირი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს რუსული ბიზნეს ელიტის იმ მცირერიცხოვან წარმომადგენლებს შორის არის, რომელმაც თავს უფლება მისცა და პუტინი გააკრიტიკა:

“ვერ ვხედავ ამ უგუნური ომის ვერცერთ ბენეფიციარს! იღუპება უდანაშაულო ხალხი და ჯარისკაცები“– დაწერა ტინკოვმა ინსტაგრამზე. მან მწვავე შეფასება მისცა რუსული არმიის მომზადებასაც:

“საიდან იქნება არმია კარგი, როცა ყველაფერი დანარჩენი ქვეყანაში ნეხვშია და ნეპოტიზმში, ლაქიობასა და ფლანგვაშია ჩაძირული? კრემლის ჩინოვნიკები შოკში არიან, რომ არა მხოლოდ ისინი, არამედ მათი შვილებიც ამიერიდან ზაფხულობით ხმელთაშუა ზღვაზე ვეღარ წავლენ. ბიზნესმენები საკუთარი ქონების ნარჩენების გადარჩენას ცდილობენ. რა თქმა უნდა, არიან დებილები, ვინც Z-ს ხატავენ, მაგრამ დებილები ნებისმიერ ქვეყანაში 10%–ს შეადგენენ. რუსების 90% ამ ომის წინააღმდეგია!“– წერს ბიზნესმენი ინსტაგრამზე და ინგლისურად მოუწოდებს “კოლექტიურ დასავლეთს“, მისცეს პუტინს სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობა, რათა “სახის შენარჩუნება შეძლოს და ეს სასაკლაო შეაჩეროს.“

“თუ შეიძლება, იყავით უფრო რაციონალურები და ჰუმანურები“– წერს ის.

ეს არ არის ტინკოვის პირველი პოსტი ომის შესახებ. ჯერ კიდევ 29 მარტს ის წერდა:

“ახლა უკრაინაში უდანაშაულო ხალხი იღუპება, ყოველდღე, ეს წარმოუდგენელი და დაუშვებელია! სახელმწიფოებმა ფული  ადამიანების მკურნალობაზე, კიბოს დამარცხებაზე უნდა დახარჯონ და არა ომზე. ჩვენ ამ ომის წინააღმდეგი ვართ.“

ტინკოვი ფორბსის რეიტინგში 2022 წლის 5 თებერვლის მონაცემებით 608–ე ადგილს იკავებდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში. რუსეთში კი 2021 წელს 32–ე ადგილზე იყო. მისი ქონება 4.7 მილიარდი დოლარია.

ის არის ტინკოფ ბანკის , ტექნიკის მაღაზიების ქსელის დამფუძნებელი, ლუდის ქარხნის, რესტორნების ქსელის და სხვა არაერთი ბიზნესის მფლობელი.