სამართლიანი იქნებოდა, ლომჯარია დაეჭირათ, ეგ დღეც დადგება – მორგოშიას მუქარა

5 ივლისის ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონსტანტინე მორგოშია სახალხო დამცველს პასუხობს და მის დაკავებას ითხოვს.

მისი მტკიცებით, 5 ივლისს ზურა მახარაძესა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს შეკრებილი ხალხისთვის ძალადობისკენ არ მოუწოდებიათ.

“სამართლიანი მოთხოვნა იქნებოდა, თვითონ ლომჯარია დაეჭირათ, ოღონდ ცოტახნის წინ, რასაც აკეთებს წლების მანძილზე, იმისთვის. პირობას გაძლევთ, ეგ დღეც დადგება, როცა ეგ აღმოჩნდება საპყრობილეში. ნანახი მაქვს [5 ივლისის] კადრები და ეს არ არის ძალადობისკენ მოწოდება, ეს არის სამართლიანობისკენ მოწოდება. ლომჯარიების მსგავსი პიროვნებების დაგეგმილი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია იყო, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მიგვიყვანა და ახლა თუ ლომჯარია გამოდის, როგორც ბრალმდებელი, ძალიან მალე იქნება ბრალდებული”,– ამბობს მორგოშია.

დღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარეობს საქმის მასალების შესწავლა.