საპატრიარქო მელაშვილისა და ილიჩოვას საქმიანობას მოღალატეობრივს უწოდებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილისა და წევრის, ნატალია ილიჩოვას საქმიანობას მოღალატეობრივს უწოდებს.

“კომისიამ დადო თავისი ოქმები, სავარაუდოდ, გასავლელი საზღვარი დააფიქსირა და აზერბაიჯანის მხარემ დაიწყო კომისიის მიერ მიღებული აი, ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად ქმედება და დადგნენ იქ, სადაც ვარაუდობდა კომისია ამას.

საუბარი იმაზე, რომ შეცდომაში შევიდნენ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენი მონასტრები რჩება საზღვრის იქითკენ, ამიტომ სხვა ვერაფერს ვერ ვუწოდებთ, გარდა მოღალატეობრივისა, აი, ასეთ ქმედებას”. – თქვა ჯაღმაიძემ.

დღეს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.