საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი შტამი დადასტურდა.

ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, ის ბრიტანეთში არ ყოფილა, თუმცა იმნაძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს მას. მისივე თქმით, ახალი შტამით ინფიცირებული უკვე პრაქტიკულად გამოჯანმრთელებულია.

პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან მაღალი გადამდებობა განასხვავებს, ამიტომ, ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.