”საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო კრემლის გავლენის ქვეშ და გაემიჯნა დასავლეთს”. – კრამერის და კელის სტატია

”საქართველო კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო კრემლის გავლენის ქვეშ და გაემიჯნა დასავლეთს”. – ამის შესახებ, ნათქვამია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერისა და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის ერთობლივ სტატიაში. სტატია  The Hill-ში გამოქვეყნდა სათაურით : “საქართველოს დემოკრატიული მომავალი ხელიდან უსხლტება” .

”პრეზიდენტ ბაიდენს გმირივით შეხვდნენ და სამართლიანადაც, უკრაინაში ორშაბათს მისი თამამი ვიზიტის გამო. ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვეულებრივი მოქალაქეები გაერთიანდნენ და ენერგიით დაიმუხტნენ მომაკვდინებელი ომის შუაგულში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტით.

შეადარეთ ეს აშშ-ის ორი სენატორის, ჯინ შაჰინის და დიკ დურბინის თბილისში, საქართველოში იმავე დღეს ვიზიტს. მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტი, დიდწილად ფიგურალური როლის მქონე, და პრემიერ მინისტრი შეხვდნენ ორ ამერიკელ სტუმარს, საქართველოს ხელისუფლების ბევრმა მაღალჩინოსანმა და მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წევრებმა მათ თავი აარიდეს.

ეს შეუსაბამობა ხაზს უსვამს საქართველოს პრობლემების სიმწვავეს. მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, 2012 და 2013 წლებში, საქართველო მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ მოექცა, ვინც რუსეთში გამდიდრდა და ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პრემიერ მინისტრის პოზიციაზე იყო. ივანიშვილი ძირითადად აღიქმება, როგორც ძალაუფლება სახელისუფლებო ტახტის უკან, მიუხედავად იმისა, რომ ის ირწმუნებოდა, რომ პოლიტიკას შეეშვა. და ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო კრემლის გავლენის ქვეშ და გაემიჯნა დასავლეთს.

დროა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესოს საფასური კონკრეტულ ქართველებს, ივანიშვილით დაწყებული, ვინც ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის ჩამოშლას ცდილობს. გაეკიდეთ ყველაზე დიდ თევზს და სხვებამდეც მივა გზავნილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს უკვე გააკეთა რეგიონში იმ ორი ქვეყნისადმი, ვინც ევროკავშირის ესწრაფვის – უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში.

ქართული ოცნების ძალაუფლებაში მოსვლიდან ათწლეულის შემდეგ, მოსკოვთან ურთიერთობები გაუმჯობესდა. ამ ტრაექტორიას ხელი ვერც უკრაინაში რუსეთის სასტიკმა შეჭრამ შეუშალა. იმავდროულად, საქართველოს ურთიერთობები უკრაინასთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან გაუარესდა.

უკრაინამ თავისი ელჩი გაიწვია საქართველოდან, რათა გაეპროტესტებინა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის სიმწირე. ევროკავშირმა გასულ ზაფხულს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასა და უკრაინაზე გაავრცელა, მაგრამ არა საქართველოზე. იმავდროულად, აშშ საქართველოს ხელისუფლებისა და პარტიის ოფიციალური პირებისთვის კრივის ტომრად იქცა, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და სხვა ამერიკელები ხშირად ხდებიან უპრეცედენტო რიტორიკული თავდასხმების სამიზნეები.

ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელმა აბსურდულად დაადანაშაულა შეერთებული შტატები, რომ მას სურს საქართველო რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩაითრიოს. ჩვენი ხედვით, არაფერია სიმართლისგან ასე შორს; ომის გაფართოება უკანასკნელი რამაა, რისი ნახვაც დასავლეთს სურს.

კრემლის სცენარის წიგნიდან ფურცლების სესხების შედეგად საქართველოს პარლამენტი იმ კანონმდებლობის მიღების ზღვარზეა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (არაკომერციულ საადვოკატო ორგანიზაციებს), რომლებიც ფინანსების 20%-ზე მეტს ქვეყნის გარედან იღებენ, “უცხოელ აგენტებად” გამოაცხადებს. ადგილობრივი დონორების სიმწირის ფონზე, ასევე ნაწილობრივ მთავრობასთან გადაკვეთის შიშის გამოც, ეს ორგანიზაციები გადარჩენისთვის მზარდად ეყრდნობიან საზღვარგარეთიდან გულუხვობას. გასულ კვირაში შეთავაზებული კანონმდებლობის შესახებ კითხვაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ეს “მოახდენს სტიგმატიზაციას და გააჩუმებს საქართველოს იმ მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, ვინც საკუთარი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შენებაზე ზრუნავენ”.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეხვდნენ ვიზიტით ჩასულ ამერიკელ სენატორებს – ეს იგივე სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ქვეშაა. ხელისუფლებამ სენატორების მოთხოვნაზე, მოენახულებინათ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც, როგორც ცნობილია, ციხეში გასული 17 თვის განმავლობაში საშინლად ექცევიან, უარი უთხრა.

სააკაშვილი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში დაბრუნებიდან მალევე დააკავეს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საშინელი მოპყრობისა და სავარაუდოდ, ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობაზე უარის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია. საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ცნობილია, უარი თქვა ჰუმანიტარული საფუძვლებით მის გათავისუფლებაზე. და ვინაიდან სააკაშვილი მანამდე უკრაინაში ცხოვრობდა, იქაური მთავრობის წევრები, ომზე კონცენტრირების მიუხედავად, დაინტერესებულები არიან მისი კეთილდღეობით, და მოუწოდებენ [საქართველოს ხელისუფლებას] მისი უკრაინაში დაბრუნებისკენ, რამაც კიევსა და თბილისს შორის დაძაბულობა გააღრმავა.

მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა მტკიცედ პროდასავლურად რჩება –  დაინტერესებულია, შეუერთდეს ორივეს ევროკავშირსა და NATO-ს, მისი ხელისუფლება უფრო მეტად მოსკოვისკენ იხრება. ამგვარი გადახრები საქართველოს მხრიდან ევროატლანტიკური ორიენტაციისადმი მხარდაჭერის შესუსტებისა და ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროსადმი დაქვემდებარების რისკებს აჩენს. ეს მიუთითებს მოვლენათა გასაოცარ შეტრიალებაზე იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. გონივრული იქნებოდა ფიქრი, რომ ეს თბილისისა და კიევის ხელისუფლებებს გააერთიანებდა, თუმცა ეს საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება. ქართულმა ოცნებამ უარი თქვა კიევში მიწვევაზე, რათა სხვა ქვეყნებთან ერთად აღენიშნა რუსეთის შეჭრის 1 წლისთავი.

ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებულია, მაგრამ არ აქვს საკმარისი ძალაუფლება, რომ რეალური ცვლილებები გამოიწვიოს. მას შეუძლია შეიწყალოს სააკაშვილი, მაგრამ ამ დრომდე ამ ნაბიჯის გადადგმაზე უარს ამბობს.

გაუარესებად სიტუაციაზე პასუხად, ევროპულმა პარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუციები, რითაც ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა და დაგმო სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა. შაჰინმა კი შესთავაზა საქართველოსადმი აშშ-ის დახმარების პირობითობა, რათა დასრულდეს დემოკრატიული უკუსვლა. ეს ნაწილობრივ ხსნის იმ ცივ დახვედრას, რაც მან [საქართველოში] ვიზიტისას მიიღო.

ამ დრომდე არც ევროკავშირს და არც შეერთებულ შტატებს არ დაუწესებიათ სანქციები იმ ქართველებისთვის, ვინც ახლანდელ მდგომარეობაზეა პასუხისმგებელი. ახლაა ამის გაკეთების დრო.

თბილისში აშშ-ის მაღალჩინოსნების ვიზიტი ბოლო პერიოდში იშვიათია, ვინაიდან ძირითადი ყურადღება უკრაინაში რუსეთის შეჭრაზეა. წარსულში, როცა ამერიკელი სენატორები საქართველოში მიემგზავრებოდნენ, მათ ყველა ქართველი, მათი პოლიტიკური მიკუთვნებულობის განურჩევლად, თბილად ესალმებოდა. ეს დღეები დასრულდა. თუ დასავლეთი სწრაფ ნაბიჯებს არ გადადგამს ჩვენ შესაძლოა დავსვათ კითხვა „ვინ დაკარგა საქართველო?“. – ნათქვამია სტატიაში