საქართველო პროვოკაციასა და პოლიტიკური სპეკტაკლის დადგმას ცდილობს – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში მომხდარ “საქართველოს მხრიდან რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გადაკვეთის ინციდენტებს.”

განცხადებაში საუბარია 6 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან საქართველოს 3 მოქალაქის დაკავებაზე. რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ მათ ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, რის გამოც ისინი გალის რაიონის სახელმწიფო უსაფრთხოების განყოფილებაში გადაიყვანეს.

განცხადებაში ასევე წერია, საქართველოს 24 წლის მოქალაქეზე, რომელმაც 13 ივლისს დაღესტანის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.

“იგი იყო საბუთების გარეშე, კამუფლაჟიანი ფორმაში, ჰქონდა იარაღი და 28 სანადირო ტყვია, ასევე თან ჰქონდა ბინოკლი. რუსულმა მხარემ დააკმაყოფილა საქართველოს მხარის თხოვნა და ამ ადამიანის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა. ის ქართველ მესაზღვრეებს გადავეცით”,– წერია განცხადებაში.

“9 ივლისს დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დავაკავეთ, ამ შემთხვევაში საზღვრიდან 9 კილომეტრში”.

განცხადებაში ასევე საუბარია 11 ივლისს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, 33 წლის ზაზა გახელაძის დაკავებაზეც:

“11 ივლისს საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელსაც კამუფლაჟიანი ფორმა ეცვა და შიარაღებული იყო ნახევრადავტომატური იარაღით, 300 მეტრის სიღრმეზე შევიდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც გადაეყარა რუსულ სასაზრღვრო ეკიპირებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე არსებობს 2009 წლის 30 აპრილიდან. მან მიმალვა სცადა და რუსი სამხედროების მიმართულებით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა. საპასუხო სროლის შედეგად ის მსუბუქად დაიჭრა ფეხში. დამრღვევს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგად წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე იმყოფება. ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენებებში ის ცნობს, რომ შეგნებულად და მიზანმიმართულად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვარი”,– წერს რუსეთის საგარეო უწყება.

ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს პროვოკაციისა და “პოლიტიკური სპეკტაკლის” მოწყობაში ადანაშაულებს.

“მიუხედავად მსგავსი დარღვევების სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათისა და რუსული მხარის განწყობისა, მოგვარდეს მსგავსი საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და რბილად, თბილისი, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ცდილობს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობას და პასუხისმგებლობა სხვებზე გადააქვს. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით უადგილოა მოცემულ სიტუაციაში რუსეთის დადანაშაულება პროვოკაციაში, განსაკუთრებით მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის “უხეშ დარღვევაში” და “გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან პანდემიის დროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოწოდების სრულ უპატივცემულობაში”.”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოუწოდებს შეწყვიტოს “პროვოკაციები” და გამოიყენოს დიალოგისთვის არსებული ყველა ფორმატი.

“მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები, გამოიყენოს დიალოგისთვის არსებული ყველა ფორმატი რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ჩართოს ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის რეგიონული მექანიზმები, ჟენევის დისკუსია და კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების არაფორმალური არხი, რათა არსებული პრობლემებს ურთიერთსასარგებლო კონსტრუქციული გადაჭრა მოიძებნოს. ველით, რომ საქართველოს მთავრობა უფრო ენერგიულ სამუშაოებს ჩაატარებს საკუთარი მოქალაეებისთვის ასახსნელად, რომ აღარ განმეორდეს საზღვრის დარღვევის შემთხვევები.

სასაზღვრო ინციდენტების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების და ერთობლივი, იურიდიულად სავალდებულო დეკლარაციის საჭიროებას ძალის არ გამოყენების თაობაზე”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყებამ ცალკე გამოყო საოკუპაციო ხაზთან მომხდარი გატაცების ფაქტებზე აშშ-ს განცხადებები და მას პროვოკაციული უწოდა.

“ცალკე გვინდა აღვნიშნოთ პროვოკაციული კომენტარი საქართველოში აშშ-ს საელჩოს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომლებიც, უკვე იქცა ამერიკისთვის ტრადიციულ ქცევად, იმის გარკვევის გარეშე, რა მოხდა სინამდვილეში, იცავენ თავიანთ ქართველ ხელქვეითებს და მთელ ბრალს აკისრებენ მოსკოვს და ცხინვალს. ეს, როგორც მინიმუმ ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიის”,– აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს 33 წლის ზაზა გახელიძე ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს და გაიტაცეს.

ამ ფაქტს გამოეხმაურა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი და რუსეთის გახელიძის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.