სისხლის მარტივ ანალიზს 99%–ის სიზუსტით შეუძლია კიბოს 50–ზე მეტი სხვადასხვა სახეობის გამოვლენა ჯერ კიდევ სიმპტომების გამჩენამდე.
კვლევა, რომლის დროსაც 6000 ადამიანის სისხლის ანალიზი შეისწავლეს, ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების ერთობლივმა ჯგუფმა ჩაატარა. ის სილიკონის ველის სტარტაპმა დააფინანსა.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ასეთი ანალიზებით შესაძლებელი იქნება კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მისი წარმატებით მკურნალობა.
კვლევები ჰარვარდის მედიცინის სკოლის ონკოლოგიის ინსტიტუტის და ბრტანეთის ბრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. შედეგები აკადემიურ ჟურნალ Annals of Oncology–ში გამოქვეყნდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემაა.
მართალია ანალიზების 99%, რომლებმაც კიბო გამოავლინა დადასტურდა, მაგრამ მეცნიერებს უნდათ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მათ მეთოდს ონკოლოგიური დაავადება არ გამოეპარება. იმისათვის, რომ მცდარი იმედები არავის გაუჩინონ, მეცნიერები კვლევის გარძელებას აპირებენ.
გარდა ამისა, კლინიკური შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ სისხლის ანალიზი უკეთ ავლენს პროგრესირებად ონკოლოგიას, ვიდრე ავადმყოფობის სულ საწყის სტადიას.
როგორ მუშაობს მეთოდი
ანალიზი ეძებს ქიმიურ ცვლილებებს, რომლებიც სიმსივნისგან სისხლში, დნმ–ს გენეტიკურ კოდში ხვდება.
კვლევაში კიბოს 50 სხვადასხვა სახეობის ანალიზი ჩართეს, მათ შორის სწორნაწლავის, საკვერცხეების და ფილტვების კიბოსი. 96%–ში ტესტმა ზუსტად განსაზღვრა ონკოლოგიის ტიპი.
რას ამბობენ ექსპერტები
კვლევას სილიკონის ველის სტარტაპი, Grail აფინანსებს, რომლის ინვესტორთა შორის ამაზონის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსიც არის.
“როგორც ჩანს ამ სისხლის ანალიზს ყველა საჭირო ნიშან–თვისება აქვს მასობრივი გამოყენებისათვის კიბოს სხვადასხვა სახეობების გამოსავლენად“ – ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი, ჯოფ ოსკნარდი.
“ყველა გვეკითხება, როდის იქნება ტესტი მზად. წარმატებული კლინიკური შემოწმების შემდეგ 1000 პაციენტზე ეს ტესტი უკვე კლინიკურ ცდებში შეზღუდული გამოყენებისთვის ჩაეშვება“– ამბობს ის.
თუმცა ამ ანალიზის ფართოდ გამოყენებაზე მხოლოდ მას შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი, რაც ამ კლინიკური ცდების შედეგები გახდება ცნობილი.
“მართალია ეს ანალიზი შემუშავების ადრეულ ეტაპზეა, პირველი შედეგები იმედის მომცემია. ონკოლოგიის გამოვლენას ყველაზე ადრეულ ეტაპებზე, როცა ის ნაკლებად აგრესიულია და მკურნალობას ექვემდებარება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის ტექნოლოგიური ინოვაციები აუცილებელია“ – ამბობს ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია Cancer Research UK–ის წარმომადგენელი დევიდ კროსბი, რომელიც კიბოს ადრეულ გამოვლენაზე მუშაობს.