ქართული ოცნების ყოფილი წევრი, მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ 2015 წელს ქუთაისში, ნაქირავები ბინის საძინებლებში დამონტაჟებული ვიდეოკამერები აღმოაჩინა. სოსო ჯაჭვლიანი ინგა გრიგოლიას გადაცემაში ქართული ოცნების წევრებთან მის დაპირისპირებაზე სასაუბროდ მივიდა. სოსო ჯაჭვლიანმა “ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ განცხადება 2020 წლის 26 ოქტომბერს “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მის ამ განცხადებას კი წინ უძღოდა გადაცემაში მკლავჭიდის ფედერაციაში განვითარებული პროცესების და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირების განხილვა, რა დროსაც ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის უკან, თბილისის მერი, კახა კალაძეა. ჯაჭვლიანმა ბოლო დროს არაერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ებრძვიან ოცნების სხვადასხვა წევრები. დღეს კი გაიხსენა ეპიზოდი, როცა საკუთარ ბინაში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინა. იმ პერიოდში სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის წევრი იყო და ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მან საკუთარ ორსაძინებლიან ბინაში დარჩენა შესთავაზა ლუკა კურტანიძეს, რომელმაც მეორე დილით უთხრა, რომ საძინებელში ვიდეოკამერა იყო დამონტაჟებული. ჯაჭვლიანი ამბობს, რომ კამერა მეორე საძინებელშიც აღმოაჩინეს. მისი თქმით, ამის შესახებ ის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა, თუმცა სხვა არავისთვის მიუმართავს. ის მოუწოდებს ლუკა კურტანიძეს, ეს ფაქტი დაადასტუროს.