სუბარი სალომე ზურაბიშვილს ახსენებს, რომ მას რუსეთის აგენტობას აბრალებდნენ

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შესთავაზა, გორის ჰოსპიტალში პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს, ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი მოქმედ პრეზიდენტს ახსენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ენმ-ს წევრები მას რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებდნენ.

„ადამიანს, რომელიც არის ამ ქვეყნის უდიდესი პატრიოტი, მთელი თავისი ცხოვრებით, გამოცდილებით, აღზრდით, შეგნებით, წინაპრებით და შთამომავლობით, რომელთა ერთადერთი მიზანი ამ ქვეყნის მსახურება იყო, რუსეთის აგენტობა და მსახურება დააბრალეს. და ვინ დააბრალა?! – ადამიანმა, რომელიც რუსეთის „კაგებეს“ ჩვეულებრივი და არც თუ დაბალი დონის თანამშრომელი იყო. ასევე, მისმა მხარდამჭერებმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ “ქალბატონ სალომეზე უკეთ არავინ იცის, ვინ არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყარო, ვისგან მოდის მუდმივი დაპირისპირება და პოლარიზაცია”.