უკრაინაში აშშ-ის საელჩოს სრული ევაკუაცია იწყება – Associated Press

დღეს, 12 თებერვალს, შეერთებული შტატები უკრაინაში თავისი საელჩოს სრულ ევაკუაციას დაიწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას, Associated Press საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ უკრაინიდან ევაკუაციისთვის სრულ მზადყოფნაშია და სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს გეგმავს გამოაცხადოს, რომ რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო კიევის საელჩოს მთელი ამერიკული პერსონალი ვალდებული იქნება დატოვოს ქვეყანა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან უფრო მეტ ჯარს მოუყარა თავი რაც იმის მანიშნებელია რომ რუსეთმა ფაქტობრივად დაასრულა სამხედრო სამზაადისი და ახლა შესაძლოა რუსეთი ნებისმიერ წუთს შეიჭრას უკრაინაში. ანალიტიკოსის ზურაბ ბატიაშვილის თქმით, დასავლეთმა ეს იცის და სწორედ ამიტომ  მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს დატოვონ უკრაინა.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, ვინაიდან აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთი მზადაა, ნებისმიერ წამს შეიჭრას უკრაინაში. “რია ნოვოსტი” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწება, რომ რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს უკრაინიდან ევაკუაციისკენ არ მოუწოდებს თუმცა, უკრაინის დატოვების სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს ლოჯისტიკურ და საინფორმაციო მხარდაჭერას სთავაზობს. 

დღეს, 12 თებერვალს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება, ზურაბ ბატიაშვილის თქმით აღნიშნული საუბარი  იქნება დასავლეთის ბოლო გაფრთხილება რუსეთის მიმართ ხოლო ამის შემდეგ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს. ბატიაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა გამოუვალ სიტუაციაში თავი, თავად ჩაიყენა რადგან, ახლა ან უკრაინაში შეიჭრება და ეკონომიკის ჩამოქცევა დაემუქრება ან არ შეიჭრება და სახეს დაკარგავს.