ფონდი ,,ქართუსთვის” 4 მლნ პირბადეს ,,ქართული ოცნების” მსხვილი შემომწირველი ამზადებს

ფონდმა ,,ქართუმ” ადგილობრივ კომპანია ,,რესპირატორს” 4 მლნ სამედიცინო პირბადე შეუკვეთა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემას გადასცემს. ,,რესპირატორის” დირექტორი სერგო გალუსტიანია, რომელმაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებისას პარტია ,,ქართულ ოცნებას” 60 ათასი ლარი შესწირა, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს – 40 ათასი ლარი.

მთლიანობაში, კომპანიის დირექტორს, რომელსაც ,,ქართუმ” მსხვილი შეკვეთა გაუფორმა, მმართველი პარტიისთვის 100 ათასი ლარი აქვს გაღებული.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული კომპანია ,,რესპირატორი” გუშინ, 15 აპრილს დაარსდა, დღეს კი უკვე 4-მილიონიანი შეკვეთა მიიღო.

თავად სერგო გალუსტიანი ,,მთავარ არხთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ დროის სიმცირის გამო შეკვეთისთვის საჭირო მასალა 2 კვირის წინ შემოიტანეს, თუმცა კომპანია გუშინ დაფუძნდა.

დღეს ამ კომპანიაში წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გახარიამ  ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ პირბადეები მოხმარდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც დღეს Covid-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული კომპანია „რესპირატორი“ დღე-ღამეში საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი 200 000-დან 250 000-მდე სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. როგორც კომპანიის დირექტორმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დეფიციტშია, კომპანიამ საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით, შესაბამისი მასალის საქართველოში ჩამოტანა შეძლო.