ფსიქოზი, აშლილობა და უიმედობა– რას განიცდიან Covid19-ით დაინფიცირებულები რეანიმაციაში და მისი დატოვების  შემდეგ

პანდემიის გამო მთელ მსფოფლიოში რეანიმაციებში იმაზე მტი პაციენტი ყავთ, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. პაციენტების სიცოცხლისთვის სასუნთქი აპარატების საშუალებით იბრძვიან და მათ სუნთქვაში და სხვა უმარტივესი ფუნქციების შესრულებაში ეხმარებიან. პარალელურად კი მედიკამენტებით მკურნალობენ.

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო დამტკიცებული მედიკამენტი არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი მკურნალობის მთავარი საფუძველი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებაა, სანამ იმუნური სისტემა ვირუსს ებრძვის.

თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ ვირუსის დამარცხება ხანგრძლივი აღდგენითი პროცესის მხოლოდ დასაწყისია.

რეანიმაციიდან გამოწერილი პაციენტები რთულ გზას გადიან, რომელიც შეიძლება წლები გაგრძელდეს. ეს ყველაფერი კი მათ ფსიქიკაზე ღრმა კვალს ტოვებს.

რეანიმაციაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ პაციენტებს ხშირად ფიზიოთერაპია ჭირდება, რათა სიარული, ზოგჯერ კი სუნთქვა ისწავლონ.

რეანიმაციიდან გამოწერილ პაციენტს შეიძლება ფსიქოზი განუვითარდეს, ის შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდეს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ეფექტს.

რაც უფრო დიდხანს იმყოფება პაციენტი რეანიმაციაში, მით უფრო დიდი დრო ჭირდება იმისათვის, რომ საკუთარ თავს დაუბრუნდეს.

“როცა ადამიანი რეანიმაციაში ხვდება, ეს მოვლენა მის მთელ ცხოვრებას ცვლის. ეს ძალიან ძვირად უჯდება, თუნდაც გამოჯანმრთელდეს. როცა ავადმყოფები გონზე მოდიან, იმდენად  სუსტად არიან, რომ ხშირად დამოუკიდებლად წამოჯდომაც არ შეუძლიათ. ბევრს საწოლიდან ხელის აწევაც კი არ შეუძლია“– ამბობს დევიდ ჰეპბერნი, უელსის Royal Gwent Hospital–ის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმ– კონსულტანტი.

თუ მკურნალობის პერიოდში ინტუბაცია ან მილით კვება გახდა საჭირო,  პაციენტს შეიძლება ყლაპვის და ლაპარაკის პრობლემა გაუჩნდეს.

“ბევრს პოსტტრავმული სტრესი უჩნდება, პრობლემები გარეგნობასთან დაკავშირებით და  სირთულეები გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში უკეთ ხდებიან, თუმცა პროცესი შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს. საჭიროა ფიზიოთერაპევტების, ლოგოპედების, ფსიქოლოგების და ექთნების მთელი არმია, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს. “ – ამბობს ექიმი. მისი თქმით, რეანიმაციაში გატარებული დრო შეიძლება მხოლოდ აისბერგის წვერი იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში, რომლებსაც გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი ყურადღება ჭირდება.

რეანიმაციის შემდეგ ფსიქოზი ან დელირია (ლათ. deliro ვგიჟდები)- ცნობიერების აშლა, ბოდვა, რომელსაც თან სდევს ხშირი (უმთავრესად მხედველობითი) ჰალუცინაციები, აღინიშნება სულით ავადმყოფებში, ზოგიერთი მოწამვლის, ინფექციის, თავის არეში ჭრილობის და სხვ. დროს.) ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგიერთი შეფასებით ის პაციენტების მესამედიდან მეოთხედამდე ემართება, რომლებმაც ინტენსიური თერაპიის პალატაში გაიარეს.

ეს ფენომენი დიდი ხანია ცნობილია და მრავალჯერ აღწერილი. მკვლევარებს ბევრი ვერსია აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ხდება ასე – თავად დაავადების შედეგად, ტვინში ჟანგბადის უკმარისობის გამო, ნარკოზის და დამამშვიდებელი პრეპარატების გვერდითი ეფექტის შედეგად თუ სხვა მიზეზებით.

ფაქტია, რომ “რეანიმაციული ფსიქოზი“ არსებობს, თუმცა მასზე ნაკლებად საუბრობენ. პაციენტები შიშობენ, რომ თუ საკუთარი შეგრძნებების შესახებ ილაპარაკებენ გიჟებად ჩათვლიან.

რაც არ უნდა კვალიფიციური და გამოცდილი იყოს რეანიმაციის პერსონალი, ეს ადგილი ყოველთვის სტრესით არის სავსე.

“რა ტიპის წამებაც კი შეიძლება წარმოიდგინოთ, ყველა მათგანისგან გამოწვეულ ტკივილს განიცდიან ადამიანები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“ ამბობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის რეანიმატოლოგიის კათედრის პროფესორი ჰიუ მონტგომერი გარდიანთან ინტერვიუში.

მაგალითად, პაციენტი შეიძლება გააშიშვლონ და შიშველს მოუწიოს წოლა ყველას თვალწინ. მათ მუდმივად ესმით საგანგაშო ხმები, სხვების კვნესა, ძილი შეიძლება სამედიცინო პროცედურით შეაწყვეტინონ. ისინი დეზორიენტირებულები და შეშინებულები არიან.

გასაკვირი არ არის, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ პაციენტები და მათი ოჯახის წევრებიც კი პოსტრეანიმაციული სტრესისგან იტანჯებიან.

ფიზიოლოგიურ დონეზე კი მას შედეგ, რაც დიდი ხნის მანძილზე ორგანიზმის ძირითად ფუნქციებს აპარატები ასრულებდნენ, სხეულის ფაქტიურად ახლიდან უწევს ყველაფრის სწავლა, კუნთები ატროფირებული და დასუსტებულია.

ამერიკის ჯეონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ყოველდღიურად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კუნთების ძალის 3–დან 11%–მდე კარგავს და ეს ეფექტი გამოწერის შემდეგ მინიმუმ ორი წელი გრძელდება.

კორონავირუსით დაინფიცირებულ ბევრ პაციენტს ფილტვების ვენტილაციის აპარატს უერთებენ. ის პაციენტის ფილტვებს ჟანგბადს აწვდის და იქიდან ნახშირმჟავა გაზს ექაჩება მაშინ, როცა მათ დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლიათ.

პაციენტები ღრმა ნარკოზის მდგომარეობაში ჟანგბადს მილით იღებენ, რომელიც ნიღაბზეა შეერთებული. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ინტუბაცია – მილის ტრაქეაში ჩასმა, რაც ყელის არეში ჭრილობას ითვალისწინებს. ეს მეთოდი დამატებით გართულებებს იწვევს.

როგორც წესი, ინგლისი, უელსში და ჩრდილოეთ ირლანდიაში რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტები იქ საშუალოდ 4–5 დღეს ატარებენ.

თუმცა 4 აპრილის სტატისტიკის მიხედვით 2249 პაციენტიდან ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მხოლოდ 15% გაწერეს, დაახლოებით ამდენივე გარდაიცვალა, 1600 ადამიანი კი კვლავ რეანიმაციაში დარჩა.

რეანიმაციის სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ბრიტანეთში როგორც გაირკვა, კორონავირუსით დაინფიცირებული და  აპარატთან შეერთებული პაციენტების 67% გარდაიცვალა. ჩინეთში კი ადგილობრივი კვლევით “ვენტილატორთან“ შეერთებულთა მხოლოდ 14% გადარჩა.

61 წლის ჰილტონ მიურეი–ფილიპსონი აპარატს დაავადების პიკზე შეუერთეს. მას კორონავირუსის სიმპტომები მძიმე ფორმით ქონდა გამოვლენილი. მილით კვების გამო მან წონის 15% დაკარგა. საავადმყოფოს დატოვების შემდეგ კი სიარული ახლიდან ისწავლა.

ის ამბობს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესი იყო, ჯერ ჯდომას სწავლობდა, შემდეგ კი სიარულს. თუმცა მანამდე ჭამაც პრაქტიკულად ახლიდან ისწავლა. ის ლესტერის საავადმყოფოს უმძიმესი პაციენტი იყო, რომელიც საავადმყოფოს თანამშრომლებმა გამოჯანმრთელების შემდეგ გაწერისას აპლოდისმენტებით გააცილეს.