ქართველ სასულიერო პირს, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს, კორონავირუსი დაუდგინდა

ქართველ სასულიერო პირს , მამა სპირიდონ ნარსიას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში, ნიუ-იორკში მსახურობს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ეპისკოპოსი საბა ინწკირველის ინფორმაციით, არ იციან, საიდან დაინფიცირდა მამა სპირიდონი, ის ახლა მკურნალობას სახლის პირობებში გადის.

„სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენ ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი“, – ამბობს მეუფე საბა ინწკირველი.

კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა მეუფე საბასაც, თუმცა მას COVID-19 არ დაუდასტურდა.

25 მარტს მეუფე საბამ კიდევ ერთი სასულიერო პირის დაინფიცირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.