„ქართულ ოცნებას” იდეა დაეკარგა და კოვიდს ებღაუჭება, იქნებ გადაარჩინოს – ბესელია

პოლიტიკური პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ბესელია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ნაციონალური მოძრაობის ნაზავია, რომელმაც იდეა დაკარგა და კორონავირუსს ებღაუჭება.

“2012 წელს იყო იდეის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი, ადამიანები, რომლებიც ვიბრძოდით სამართლიანობისთვის, დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაზავი „ქართული ოცნება“, რომელსაც იდეა დაეკარგა და ერთადერთი კოვიდს ებღაუჭება, იქნებ კოვიდმა გადაარჩინოს”,– ამბობს ბესელია პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, 2012 წლის „ქართული ოცნება“ და დღევანდელი „ქართული ოცნება“ ცა და დედამიწასავით, შავი და თეთრივით განსხვავდება. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ორპოლუსიანობას დაანგრევს და კოალიციური მთავრობა შეიქმნება.

„იმ ხალხისთვის და იმ ჩვენი თანამებრძოლებისთვის, ვინც პირველი ოქტომბერი შექმნა, ეს არის დამსხვრეული ოცნება. მოსახლეობამ ნახა, რომ წარსული იყო მძიმე, იმ წარსულში დაბრუნება არ უნდა არავის. აწმყოს მიმართ აქვს ნიჰილისტური დამოკიდებულება, დანარჩენი საზოგადოების უმრავლესობა რაღაც სხვას ითხოვს. მესამე ძალა ერთი კონკრეტული სახელი და გვარი არ იქნება. ალტერნატივა იქნება ყველა სხვა დანარჩენი ვინც ამ ორ, სააკაშვილი-ივანიშვილის, არჩევანში არ არის. ეს მესამე იქნება დიდი სხვა ერთობა. სწორედ დაბალბარიერიანი არჩევნები იქნება, რომელიც ანგრევს ორპოლუსიან სისტემას და სწორედ ეს ცვლილება განსაზღვრავს 2020-ის არჩევნებში ახალ კოალიციურ მთავრობას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.