“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნები”( ISFED) დაბლოკა

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში არ მიიწვია “სამართლიანი არჩევნები”( ISFED) – არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მთავარი პროფილი სწორედ საარჩევნო საკითხებია და ამ საკითხებზე წლებია მუშაობს.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ ჯგუფებში აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის წევრი 2 ორგანიზაცია უნდა იყოს ჩართული. აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა სხვადასხვა პროფილის არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმამ პარლამენტს  ჯგუფში სამუშაოდ ISFED-ის და საიას ჩართვა შესთავაზა. თუმცა საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ უთხრა, რომ  “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა”. გივი მიქანაძე ამბობს, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

“არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაერთნონ, თუკი ისინი ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს. “სამართლიანმა არჩევნებმა” ეს ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პარლამენტის წინ მიმდინარე შეკრების დროს ისინი შეუერთდნენ მთავრობისა და პრემიერის გადაყენების და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნას. შესაბამისად, მათ ნეიტრალიტეტზე საუბარი შეუძლებელია და სწორედ ამ მიზეზის გამო არ მოხდა მათი მოწვევა სამუშაო ჯგუფში”, – განაცხადა მიქანაძემ.

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე სამუშაო ჯგუფში “სამართლიანი არჩევნების”( ISFED) არდაშვების გამო,  ჯგუფის შეხვედრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმაც დატოვეს.

როგორც საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, “ქართულმა ოცნების” მიერ ISFED-ის არდაშვება ორგანიზაციის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომაა. სიმონიშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია იმ შეხვედრაზე ყოფნა, სადაც მის კოლეგებს არ უშვებენ.  მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და ზიანს აყენებს პროცესს. ასევე, უგულვებელყოფს ევროკავშირის რეკომენდაციებს.

სამართლიანმა არჩევნებმა ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია,  ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს „სამართლიანი არჩევნებისა” და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ დაბლოკა „სამართლიანი არჩევნების“ ჩართვა საარჩევნო საკითხებზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფში, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად არის შექმნილი.

ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო, თუმცა, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფორმატი არასამთავრობო სექტორის ფართო წარმომადგენლობას გამორიცხავდა. მმართველმა პარტიამ სასურველი მიმართულებით რეფორმებზე მუშაობის საშუალება არ მისცა ყველა მსურველ ორგანიზაციას, ვინაიდან თითოეულ სამუშაო ჯგუფში მათთვის მხოლოდ 2 ადგილი განსაზღვრა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სხვა სამუშაო ჯგუფების შემთხვევაში, სამოქალაქო სექტორის მიერ წარდგენილი ორგანიზაციების შერჩევაში ხელისუფლება არ ჩარეულა, განსხვავებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფისა. მმართველმა პარტიამ უარი განაცხადა ამ ჯგუფში, არასამთავრობო სექტორის შეთანხმებით წარდგენილი, “სამართლიანი არჩევნების” მონაწილეობაზე.

ამდენად, ხელისუფლების დამოკიდებულება წარმოადგენს პირდაპირ დემარშს “სამართლიანი არჩევნებისა” და მთლიანად სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, მათი კონსტრუქციული პოზიციის და სამუშაო ჯგუფებში ჩართულობის მზაობის მიუხედავად. ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება გამოწვეულია ორგანიზაციის მიუკერძოებლობისა და კრიტიკული პოზიციის მიუღებლობით. “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ პროცესიდან პროფესიული ორგანიზაციის ჩამოშორება რეალურად სამუშაო ჯგუფის ფორმალურად შექმნაზე მიანიშნებს, რომლის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის გაჭიანურება და რეკომენდაციების შესრულების მზაობის ილუზიის შექმნაა. “ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება, საქართველოს მომავლისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში, ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„სამართლიანი არჩევნები“ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი, და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე წამყვანი ორგანიზაციაა, რაც დასტურდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, ორგანიზაციის არსებობის 27 წლის განმავლობაში.

„სამართლიანი არჩევნები“ მმართველი პარტიის ასეთ პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვად აფასებს, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. თუმცა, ორგანიზაცია არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას და კვლავ გააგრძელებს მუშაობას ქართველი ხალხის საუკუნოვანი მისწრაფების – დასავლური ინტეგრაციის – ხელშეწყობისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განუცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა”.