ქორწილებში,ქელეხებში, იუბილეებზე და მსგავს ღონისძიებებზე 10–ზე მეტი პირის თავშეყრა მთავრობის დადგენილებით აიკრძალა

მთავრობის დადგენილება  №322, რომელიც  23 მაისს გამოიცა და 15 ივლისამდე მოქმედებს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ სხვადასხვა სფეროს არეგულირებს, მათ შორის თავრილობებსაც. დადგენილების მიხედვით 10–ზე მეტი ადამიანის თავშეყრა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ღონისძიებებზე დაუშვებელია:

მუხლი 5. თავშეყრის რეგულირება

1. იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

2. დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. აღსრულებაში მონაწილეობა აგრეთვე ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს.