ღარიბაშვილის თქმით, ომიკრონზე ვაქცინა “არ მუშაობს”, ბუსტერს კი “აზრი არ აქვს”

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ ამტკიცებს, რომ ომიკრონის შტამზე ვაქცინა არ მუშაობს.

მისივე თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთებას “აზრი არ აქვს”.

“ის რომ ომიკრონზე ვაქცინა არ მუშაობს და ეს შტამი მაინც არღვევს იმუნიტეტს, ეს ჩემი ნათქვამი კი არ არის, ეს არის პროფესორი ფაუჩის ნათქვამი. ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე – მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი. მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის, არ სჭირდება ზედმეტი ახსნები. უყურებს ყველა და ანალიზს უკეთებს, რაც ხდება მსოფლიოში – ვაქცინა მანამდე მუშაობდა სხვა შტამებზე, “ომიკრონზე” უბრალოდ არ მუშაობს. თუ მუშაობს, არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს – ბუსტერიანზე და ა.შ… […]

ორჯერ [ვარ აცრილი], ბუსტერით არ ვაპირებ, აზრი არ აქვს. მეცნიერებს დავეყრდნობი, ომიკრონ გადატანილის უფრო მაღალი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე ბუსტერდოზიანს. მაგალითს გეტყვით, კიდევ ერთი მინისტრი, გვარს არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა “ომიკრონი”. მაშინ თქვენ ამიხსენით, ახლა რა ხდებამ ვარ თუ არა მართალი?”,– თქვა ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ანალოგიური განცხადება პრემიერმინისტრმა 14 თებერვალსაც გააკეთა. მას გამოეხმაურა NCDC-ის ხელძღვანელი ამირან გამყრელიძე და თქვა, რომ კვლევებით დასტურდება, ბუსტერი სერიოზულად იცავს ომიკრონით ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და გარდაცვალებისგან.