საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა ავღანეთში 860 ქართველი სამხედრო მსახურობს, რომლებიც მისიას სექტემბრამდე დაასრულებენ.
“დღეს ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება.
საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ვამაყობთ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ მიზნის მიღწევაში.
დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ქართველ სამხედროს, ვინც სხვადასხვა პერიოდში ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით ღირსეული წვლილი შეიტანა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ სამხედროებს, იმ ქართველ გმირებს, ვინც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე”,– წერს ღარიბაშვილი Facebook–ზე.