შეშფოთებულები ვართ, TV კავკასიის ოპერატორების უფლებები უხეშად დაირღვა – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის მიერ ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა, მეორეს სიცოცხლეს კი საფრთხე შეექმნა.

მათი შეფასებით, ოპერატორის, გივი მჭედლიშვილისა და ნიკო კოკაიას უფლებები უხეშად დაირღვა, რაც გამოიხატა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფითა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლით.

“არაერთი კადრი მეტყველებს, თუ შსს-ს წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით
როგორ ჩამოაგდეს ოპერატორები, დაუმიზნეს წიწაკის სპრეი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამოიყენეს ფიზიკური ძალა ჟურნალისტ-ოპერატორების მიმართ.

როგორც ყოველთვის, არც ამჯერად არანაირი რეაგირება არ ექნება მმართველ პარტიას ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის გამო. ჩვენ ნათლად ვიხილეთ ამის არაერთი მაგალითი –  თუნდაც 5-6 ივლისის მოვლენები და შემდგომ დამდგარი სასამართლო განაჩენის შედეგად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების და მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების ამგვარ ქცევას ვაფასებთ როგორც განსხვავებული და კრიტიკული აზრის დევნად, დამოუკიდებელი ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლად. ყოველივე ზემოთხსენებული კი ეწინააღმდეგება:

  •  საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტს;
  • საქართველოს კანონს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ.

სოლიდარობა თქვენ და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში, რომელიც ერთგვარად შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიისათვის ბრძოლის მთავარ ბრძოლის ველად”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

  • „ახალგაზრდა თაობა“ /დ.დონერიანი/,
  • „მონიტორინგის ცენტრი – საზოგადოება“ /ე.კერესელიძე/
  • „ახალი ძალა საქართველოსთვის“ /ლ.შველიძე/
  • „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ /მ.ანდღულაძე/
  • „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ /ი.კიკიანი/
  • „ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება – ლაზარე“ /ჯ.კვარაცხელია/
  • ს/ჯგუფი „ხალხის ხმა“ /მ.მინდიაშვილი/
  • „თავისუფალი ხმა“ /ნ.კურტანიძე/

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ “წიწაკის სპრეი” გამოიყენა, რა დროსაც დაშავდა ტელეკომპანია “კავკასიის” ერთი ოპერატორი, ერთის ჯანმრთელობას კი საფრთხე შეექმნა.

“კავკასიამ” ამასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან მოითხოვა:

  1. პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის სავარაუდოდ უკანონო გამოყენებისა და ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რასაც ტელეკომპანიის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
  2. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო გამოძიება დაიწყოს საქართველოს პროკურატურამ და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
  3. ყველა იმ ფაქტზე, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა წარმოადგენს აშკარა უხეშ დისცილინურ გადაცდომას, შსს-ს გენერალურ ინსპექციისგან მოვითხოვთ პოლიციელთა მიმართ დაიწყოს დისციპლინური წარმოება და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება
  4. მოხდეს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება სახელით და გვარით, ვინც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანია კავკასიის ვიდეოოპერატორს, ხელი შეუშალა მათ საქმიანობაში და საფრთხეში ჩააგდო მათი სიცოცხლე”,– ვკითხულობთ TV კავკასიის განცხადებაში.