ჩეხ მილიონერს ავტობანზე 417კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის გამო ციხე ემუქრება. ნახეთ ვიდეო

ჩეხი მილიონერი, რადიმ პასერი გერმანიის პროკურატურის გამოძიების ფიგურანტი გახდა. ავტომობილ Bugatti Chiron–ის მფლობელმა გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ მართავდა ავტომობილს 417 კმ/სთ–ს სიჩქარით შარშან გერმანიაში, საქსონია–ანგალტის მიწაზე მდებარე ავტობანზე.

გერმანიის ავტობანებზე ფორმალურად სიჩქარის შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა თუ ქალაქ შტენდალის პროკურატურა პასერის ქმედებებში დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, შესაძლოა მას ორ წლამდე პატიმრობა ემქურებოდეს, ან მინიმუმ სოლიდური ჯარიმა.

საქმე შეიძლება დაამძიმოს იმან, რომ 2015 წელს პასერმა უკვე განავითარა ავტობანზე 400კმ/სთ სიჩქარე ავტომობილ Bugatti Veyron–ით.

ორივე ჯერზე მან ვიდეო იუთუბზე დადო, ამასთან, ბოლო რბოლის ვიდეო, რომელიც მან იანვარში გამოაქვეყნა უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

მდიდარმა ავტომფლობელმა ვიდეოზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “მთელი მგზავრობის განმავლობაში კარგი ხილვადება იყო. პრიორიტეტი იყო უსაფრთხოება, ამიტომაც სტარტი შესაძლებელი იყო მხოლოდ უსაფრთხო გარემოებებში.“

ვიდეოზე ასახული ავტომობილით მგზავრობა დილის 4:50 საათზე მოხდა. პასერმა წინასწარ შეისწავლა ავტობანის ის მონაკვეთი, სადაც მაღალი სიჩქარის განვითარებას აპირებდა.

გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსით ავტობანზე მაღალი სიჩქარით მარტო მგზავრობა შეიძლება დარღვევა იყოს, თუ მძღოლი “მგზავრობს ისეთი სიჩქარით, რომელიც სრულიად უადგილოა, მისი მართვის სტილი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ან უგუნურია“– წერს ადგილობრივი მედია.

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა, ვოლკერ ვისინგმა დაგმო მძღოლის დამოკიდებულება საგზაო მოძრაობის მიმართ და აღნიშნა, რომ მართალია გზებზე სიჩქარის შეზღუდვა არ არის, მაგრამ ავტომობილი ყოველთვის უნდა ექვემდებარებოდეს კონტროლს.