ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეოლიგარქიზაციისკენ – ხოშტარია 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნაზე

”ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია დეოლიგარქიზაციისკენ” – პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია უკრაინული მხარის მიერ 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ”ეს არის დასაბუთებული, დამუშავებული, არგუმენტირებული სია”.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი რამდენიმე მიზეზის გამო: ეს არ არის უბრალოდ უკრაინის მიერ გამოთქმული სურვილი. პორტალი, რომელზეც განთავსდა ადამიანების გვარები, არის საერთაშორისო, დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე პორტალი, ამას აქცევენ ყურადღებას პარტნიორები და ამით ხელმძღვანელობენ ამერიკელები, ევროკავშირი, ბრიტანეთი და სხვა დასავლელი პარტნიორები, როდესაც იღებენ გადაწყვეტილებას საბოლოო სანქცირების შესახებ.

ეს არის დასაბუთებული, დამუშავებული, არგუმენტირებული სია. აქ არის არა უბრალოდ გვარები, არამედ პირდაპირ არგუმენტები, თუ რატომ უნდა დასანქცირდეს ეს ხალხი. ეს არის დიდი ნაშრომი ჩვენი არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, ყველა ჟურნალისტის, იმ საგამოძიებო შრომისა, რომლებიც გასწიეს, რამაც თავი მოიყარა და საბოლოოდ მიიღო ეს საერთაშორისოდ აღიარებული სახე.

მესამე, ამ სიაში განთავსება უკვე აყენებს დიდ რეპუტაციულ ზიანს ყველა ადამიანს მათ საქმიანობაში და ზღუდავს, მათ უკანონობის კეთების გარკვეულ არეულს და ეს მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ განცხადებაში და დოკუმენტში პირდაპირაა საუბარი, რომ ეს ხალხი სანქცირდება ომის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობის გამო ეს არის ოფიციალური დასაბუთებული პოზიცია, რაც კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა ჩვენ ეს რეალობა ვიცით და ამ რეალობიდან ვმუშაობთ ამ ხალხის სანქცირებაზე.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ, რა თქმა უნდა, მთავარი ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ აქ, ჩვენი პროტესტით და მიუღებლობით მსგავსი მმართველობის, მაგარამ ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები, უკრაინელები, არიან საქართელოს დემოკრატიის და ევროპული ღირებულებების გვერდზე”, – ამბობს ხოშტარია.