პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ამბობს, რომ ის ძალიან საინტერესოა. მისი თქმით, ნებისმიერი იდეა, რომელიც ოპოზიციის გამარჯვებას ემსახურება, მისასალმებელია.
“მე და “ახალი საქართველოს” გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორი და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე. ვთვლით, რომ ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს. ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება. ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა, ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია შექმნას.
ამ ინიციატივას მწვავე კრიტიკა მოჰყვა “ევროპული საქართველოს” მხრიდან. გიგა ბოკერია ამ იდეას უდროოს უწოდებს და ამბობს, რომ მის განხილვას კატეგორიულად არ აპირებენ.
მისი თქმით, ერთიანი სიები ივანიშვილსა და მის გუნდს ორპოლუსიანი გარემოს დახატვაში დაეხმარება, ამიტომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდება.
ამ შეფასებებს გამოეხმაურა ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციის ნაწილის გზავნილები ენმ-სა და მიხეილ სააკაშვილს მტრის ხატად წარმოაჩენენ, რაც ქართული ოცნების ინტერესს ემთხვევა.