წარმატებული ოპერაციის შემდეგ ერთმანეთისგან განცალკევებული სიამის ტყუპები სახლში დაბრუნდნენ

ბრიტანელი ექიმების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ ძმები – იიგიტ და დერმან ევრენსელები თურქეთში დაბრუნდნენ. ექიმებმა ურთულესი ოპერაციის ჩატარება შეძლეს, რომლის შედეგად თავებით ერთმანეთთან შეზრდილი სიამის ტყუპები დააცალკევეს.

ბიჭები 2018 წლის 21 ივნისს დაიბადნენ. გაირკვე, რომ მათ სამი ოპერაცია ჭირდებოდათ. მშობლებმა დახმარებისთვის ქვეყნის პრეზიდენტს მიმართეს, რათა ბავშვებს ლონდონში სამკურნალოდ წასვლა შეძლებოდათ. პატარებმა ყველა საჭირო ქირურგიული ჩარევა გადაიტანეს. მკურნალობის ყველა ხარჯი კი ბრიტანეთში მცხოვრებმა თურქმა ბიზნესმენებმა და ექიმებმა გაიღეს.

ტყუპების დაცალკევების ფინალური ოპერაცია 28 იანვარს ჩატარდა. ამის შემდეგ ტყუპები კლინიკაში მედიკოსების მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. მხოლოდ ახლა შეძლო ოჯახმა სამშობლოში, თურქეთში დაბრუნება.

სიამის ტყუპები, რომლებიც არა სხეულებით, არამედ თავებით არიან შეზრდილი ერთმანეთთან ძალიან იშვიათად იბადებიან. როგორც წესი, ასეთი ბავშვები დაბადების შემდეგ სულ რამდენიმე დღეს ცოცხლობენ. ბიჭების მამამ აღიარა, რომ ატირდა, როცა ოპერაციის შემდეგ ისინი პირველად დაინახა.

“ჩვენს ბავშვებს არანაირი პრობლემა არ აქვთ. მათ შეუძლიათ ჭამონ და დალიონ, როგორც ჩვეულებრივმა ბავშვებმა, ჩველაფერი რიგზე აქვთ. ახლა ახლებურად ცხოვრებას შეძლებენ. თითქოს ახლიდან დაიბადნენ“ – ციტირებს დეილი მეილი ბავშვების მამას.

მამაკაცმა აღიარა, რომ ექიმები მის ცოლს ფეხმძიმობისას აბორტის გაკეთებას სთავაზობდნენ, თუმცა ოჯახმა უარი თქვა. ცოლქმარი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთმა მათ სწორედ ასეთი ბავშვები გაუგზავნა და ამ ბედისწერაზე უარს ვერ იტყოდნენ.