“ხელები შორს უკრაინისგან” – “სირცხვილია” უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავს

მოძრაობა “სირცხვილია” უკრაინის საელჩოსთან უკრაინისადმი მხარდასაჭერ აქციას მართავს. აქტივისტები ადგილზე ბანერებით არიან მისული, რომლებზეც წერია “პუტინო, ხელები შორს უკრაინისგან”, “რუსეთი ოკუპანტია”, “უკრაინა და საქართველო რუსეთის გარეშე” და ა.შ.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები და სამოქალაქო ორგანიზაციები და აქტივისტები.

სირცხვილიამ უკრაინის საელჩოს ღია წერილითაც მიმართა, რომელშიც სამოქალაქო მოძრაობა რუსეთის პოტენციური აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და წუხილს გამოთქვამს, რომ ოფიციალური თბილისისგან არ ჩანს უკრაინელი ხალხისადმი ხელშესახები მხარდაჭერა.

ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 ათასი რუსი სამხედროა თავმოყრილი. ასევე, განლაგებულია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ აპირებს უკრაინაში შეჭრას. დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას და პრორუსული მმართველის დანიშვნას გეგმავს, რასაც კრემლში უარყოფენ. საფრთხის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორები  უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან.