შეწყვიტეთ პროვოკაციები და სისულელეების გავრცელება – რუსეთის საგარეო ბრიტანეთს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება დიდი ბრიტანეთის განცხადებას, რომ კრემლი უკრაინის ოკუპაციასა და პრორუსი მმართველის დაყენებას გეგმავს.

სერგეი ლავროვის უწყება აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს და ბრიტანეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.

“დეზინფორმაცია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ NATO-ს ქვეყნები, ანგლო-საქსების მეთაურობით, ამძაფრებენ ვითარებას უკრაინის ირგვლივ. ჩვენ მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, სისულელეების გავრცელება და ფოკუსირდეს თათარ-მონღოლური უღლის ისტორიის შესწავლაზე”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, მათ ასევე გამოააშკარავეს, რომ უკრაინის ლიდერობის პოტენციურ კანდიდატად კრემლი უკრაინელ ყოფილ დეპუტატს, ევგენი მურაევს განიხილავს.