კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში დისტანციურად აძლევს ხმას, საერთაშორისო მედიისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღება პუტინის კომპიუტერმა მიიპყრო.
კომპიუტერის მონიტორზე, ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩანს ამერიკული კომპანია Microsoft-ის ოპერაციული სისტემის არააქტივირებული ვერსიის წყლის ნიშანი (Watermark) — „Активация Windows“. ეს შეტყობინება ეკრანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩნდება, როდესაც პროგრამულ უზრუნველყოფას ოფიციალური ლიცენზია არ გააჩნია.
საინფორმაციო პლატფორმებმა ეს ფაქტი მალევე დაუკავშირეს საერთაშორისო სანქციებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა რუსეთის ბაზარზე ახალი პროდუქტების, ლიცენზიებისა და სერვისების გაყიდვა ოფიციალურად შეაჩერა.
ასევე ირკვევა, რომ არააქტივირებული ამერიკული ოპერაციული სისტემის გარდა, პუტინი ამერიკული ბრენდის, DELL-ის მონიტორს იყენებს. დამკვირვებლების განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა კრემლში ან სანქციების დაწესებამდე შეისყიდეს, ან ქვეყანაში არალეგალური, პარალელური იმპორტის გზით არის შეტანილი.


