ირანის ელჩი საქართველოში, ალი მოჯანი ორ დღეში ორ ფეისბუქ სტატუსს აქვეყნებს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ქართული მხარე საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით იმოქმედებს ირანულ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ აშშ–ს ფინანსთა სამინისტრომ დაასანქცირა 27 ირანული ავიაკომპანია, მათ შორის ექვსი ისეთი, რომლებიც თბილისსა და ბათუმში პირდაპირ ფრენებს ასრულებენ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ქართული მხარე საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით იმოქმედებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანის ხელისუფლება საავიაციო სექტორს იარაღის, პერსონალისა და უკანონო ტვირთების გადასაზიდად იყენებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, ის წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (SDN List) და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით.
„ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“, – განაცხადა ავიაციის სააგენტომ.
მას შემდეგ, საქართველოში ირანის ელჩმა ამ გადაწყვეტილებას ორი სტატუსი მიუძღვნა, რომლებიც მეტაფორებით და მინიშნებებით არის გაჯერებული. დღეს ალი მოჯანმა ფეისბუქზე დაწერა:
“პატარა ეკონომიკებს, უპირველეს ყოვლისა, ერთი რამ სჭირდებათ: მომავლის პროგნოზირებადობა. ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაცია, უდავოდ, გონივრული არჩევანია. თუმცა, დივერსიფიკაცია მდგრადობის ზრდას მაშინ ემსახურება, როდესაც ის ახალი შესაძლებლობების დამატებას გულისხმობს და არა უკვე არსებულიშესაძლებლობების ნაწილის გამორიცხვას.დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ერთი ქვეყნის, ერთი პორტის ან ერთი სავაჭრო მარშრუტის გამორიცხვა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი შესაძლებლობის შექმნას. ზოგჯერ ეს მხოლოდ იმ ქსელის ნაწილის დაკარგვას იწვევს, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, და ეკონომიკას უფრო მცირე რაოდენობის, შესაბამისად კი უფრო მოწყვლად არჩევანებზე დამოკიდებულს ხდის.ბოლო წლების გამოცდილება ერთ მარტივ გაკვეთილს გვთავაზობს: არც ერთი სავაჭრო მარშრუტი არ უნდა მივიჩნიოთ იმდენად საიმედოდ, რომ ვიფიქროთ — ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. წითელმა ზღვამ, სუეცის არხმა, შავმა ზღვამ, პანამის არხმა და მსოფლიო ვაჭრობის სხვა მნიშვნელოვანმა საზღვაო კვანძებმა სხვადასხვა დროს გვიჩვენეს, რომ ერთ წერტილში წარმოქმნილმა შეფერხებამ შესაძლოა ეკონომიკური გადაწყვეტილებები ათასობით კილომეტრის დაშორებითაც კი შეცვალოს.
და თუ ასეთი შეფერხება ხანგრძლივი აღმოჩნდა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება: კომპანიები მხოლოდ მარშრუტებს კი არ ცვლიან – საკუთარ ქმედებას ცვლიან. იცვლება საწყობების ადგილმდებარეობა, კონტრაქტები, იცდება ახალი პორტები, ხოლო მარშრუტები, რომლებიც თავდაპირველად დროებით ალტერნატივად ჩანდა, შესაძლოა საბოლოოდ მუდმივ გზებად იქცეს.
ამ თვალსაზრისით, პატარა ეკონომიკებისთვის შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის იყოს, რომ მშვიდ დღეებში უნდა შეინარჩუნონ და გააფართოონ საკუთარი არჩევანი და შესაძლებლობები — და არა მხოლოდ ქარიშხლის დაწყების შემდეგ დაიწყონ გადარჩენის გზის ძიება.
პატარა ეკონომიკა შეიძლება შევადაროთ ნავს, რომელიც მღელვარე ზღვაში მიცურავს. დივერსიფიკაცია ნიშნავს რამდენიმე იალქნისა და რამდენიმე უსაფრთხო მარშრუტის არსებობას და არა ღუზის მოშვებას მანამ, სანამ დარწმუნებული არ ვართ, ზღვა რა მდგომარეობაშია.
ზოგჯერ მშვიდი ნაპირი შორიდან დაბრკოლებად შეიძლება ჩანდეს; მაგრამ როდესაც ნავი შავი ღრუბლებით დაფარულ ზღვაში აღმოჩნდება, სწორედ მაშინ უკეთ ვხვდებით იმ ნაპირის ნამდვილ ღირებულებას. ვაჭრობაშიც, შესაძლოა, ყველაზე გონივრული პოლიტიკა არ იყოს არსებული მარშრუტებიდან და პარტნიორებიდან მხოლოდ ერთის არჩევა; უფრო გონივრული შეიძლება იყოს მეტი არჩევანისა და ალტერნატივის შენარჩუნება გაუთვალისწინებელი დღეებისთვის.რადგან პატარა ეკონომიკებისთვის მდგრადობა ხშირად არა ერთი მარშრუტის არჩევაში, არამედ რამდენიმე მარშრუტის არჩევის შესაძლებლობაში მდგომარეობს.“– დაწერა დღეს ირანის ელჩმა ფეისბუქზე და სტატუსს მღელვარე ზღვის ფოტო დაურთო.
გუშინ მან კიდევ ერთი სტატუსი დაწერა ფოტოთი, რომელზეც შავი ზღვის რეგიონის რუკაა, საქართველო კი ფოტოზე მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს:
“ბოლო დღეებში, ირანელმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურისტული მოგზაურობების გაგრძელებასთან დაკავშირებით ახალი კითხვებით მიმართეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო განყოფილებას.
ჩვენი პასუხი ნათელია: საქართველო, უდავოდ, შავი ზღვის სანაპიროზე ირანელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება იყო — ულამაზესი ქვეყანა, გამორჩეული ბუნებით, მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, წყაროებითა და მინერალური წყლებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მრავალ ირანელ ტურისტს მასპინძლობდა.
ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს, ქართველ ხალხსა და ამ ქვეყნის დამოუკიდებელ არჩევანს. საქართველოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს.
თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას. ირანელები მოგზაურობის მიმართულების არჩევისას, როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოება, გადაწყვეტილებას მთელი რიგი მოსაზრებების საფუძველზე იღებენ, მათ შორის უსაფრთხოების, სიმარტივის, სარგებლის, ხარჯების, ურთიერთპატივისცემისა და ღირსების გათვალისწინებით. საქართველო ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი.
ტურიზმის ეკონომიკა ცოცხალი და ორმხრივი ეკონომიკაა. ტურისტების ჩამოსვლა მხოლოდ მოგზაურთა შემოსვლას არ ნიშნავს; ამით სარგებლობენ სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, მაღაზიები, გიდები, რეწვის სფერო, მუნიციპალური სერვისები და ეკონომიკის ათეულობით მიმართულება.
ისტორიამაც აჩვენა, რომ მოგზაურები მხოლოდ ტურისტები არ ყოფილან; ისინი ცოდნის, კულტურისა და ხალხებს შორის ურთიერთობის გადამტანი იყვნენ და ზოგჯერ თანამშრომლობისა და განვითარების ახალი გზებიც გაუხსნიათ.
ამ თვალსაზრისით, თუ დღეს ახალი ვითარება შეიქმნა, მას მხოლოდ შეზღუდვად არ უნდა შევხედოთ; ყოველი შეზღუდვა შეიძლება ახალი გზების პოვნის შესაძლებლობად იქცეს.
შავი ზღვა მხოლოდ ერთი მიმართულება არ არის და მას მხოლოდ ერთი სანაპირო არ აქვს; ამ სივრცეში არსებობს სხვა ლამაზი და ზოგჯერ უფრო ხელმისაწვდომი სანაპიროები და პორტებიც, რომლებიც შეიძლება ირანელთა მოგზაურობის მიმართულებებად იქცეს. არსებობს სხვა მიმართულებებიც — სხვა ქვეყნები სანახავად, სხვა კულტურები გასაცნობად და სხვა ხალხები სასაუბროდ.
ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ;თუმცა მიმართულებას გააზრებულად, ურთიერთსარგებლისა და ურთიერთღირსების საფუძველზე აირჩევენ. და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს. საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი პატივისცემა და მეგობრობა უცვლელია; ისევე, როგორც ირანისა და ირანელთა არჩევანის უფლებაც პატივსაცემია.“–დაწერა ალი მოჯანმა.


