ხელწერას უწუნებთ ივანიშვილს, მე ამ ხელწერამ მომიყვანა “ოცნებაში” – ბოლქვაძე ძიძიგურს

ქართული ოცნების სიის 32–ე ნომერი ელისო ბოლქვაძე კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ზვიად ძიძიგურს საჯარო წერილს სწერს. ბოლქვაძე ამბობს, რომ ძიძიგურმა ოპოზიციის რვაწლიანი კრიტიკის “მესიჯბოქსი და სტერეოტიპები გაიზიარა”, თუმცა ამას. “ქართული ოცნება” მიჩვეულია.

“როგორც კი ოპონენტს არგუმენტი უმთავრდება, იწყებს განზოგადებულ საუბარს ივანიშვილის მართვის სტილზე ანუ ხელწერაზე, აგრძელებს არაფორმალური მმართველობით და ასრულებს მისი რუს ოლიგარქად გამოცხადებით”,– წერს ბოლქვაძე.

მისი თქმით, მედია, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამ შესაძლებელი გახადა ავტორიტარიზმისა და ძალადობის დასრულება, რაშიც “ქართველ ხალხთან ერთად თავისი გამორჩეული წვლილი ბიძინა ივანიშვილსაც მიუძღვის.”

“მისმა გამჭრიახობამ, ალღომ, ორგანიზაციულმა უნარებმა და უდიდესმა სოციალურმა კაპიტალმა და ხალხის ნდობამ შესაძლებელი გახადა ამ ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და საბაზისო თავისუფლებების პრაქტიკის დამკვიდრება – დავარქვათ ამას მისი ხელწერა, როგორც თავად ხშირად იმეორებს ხოლმე ამ სიტყვას. თქვენ, როგორც მახსოვს, არც მასთან და არც მის ხელწერასთან პრობლემა არ გქონდათ, ამიტომაც თავისუფლად გრძნობდით თავს ოცნების შიგნითაც და როცა წასვლა გადაწყვიტეთ, არც ამაში შეუშლია ვინმეს ხელი.

დღეს თქვენ ხელწერას უწუნებთ ბიძინა ივანიშვლილს, მე, კი, სწორედ ამ ხელწერამ მომიყვანა “ქართულ ოცნებაში” და მაქვს პატივი სწორედ ამ გუნდიდან ვიყო წარმოდგენილი მეათე მოწვევის პარლამენტში”,– აცხადებს პიანისტი ელისო ბოლქვაძე.

მისივე მტკიცებით, როდესაც ხალხმა სახელმწიფო დაანგრია და ივანიშვილს რესურსი არ დაუტოვა, ქვეყანაზე ეზრუნა, ის “როგორც ჭიგო ვაზს, ისე შეეხიდა სახელმწიფოს”.

“ყველგან, სადაც უჭირდა სახელმწიფოს, სადაც აკლდებოდა რესურსი და ყურადღება, ეს ადამიანი უწვდიდა მას ხელს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო კულტურის სფეროში მის მიერ უჩუმრად, პრაქტიკულად, ანონიმურობის ზღვარზე დახარჯული დრო, ენერგია და რესურსია საკმარისი ჩემთვის, რათა მისი ხედვა და ხელწერა გამეგო და გამეთავისებინა”,– წერია ბოლქვაძის წერილში.

ის ზვიად ძიძიგურს სთხოვს, თქვას არგუმენტები, სად იყო პრობლემა, რა არ გაკეთდა და რამ არ აკმაყოფილებს.

ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ოქტომბრის არჩევნებზე მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირა და დამოუკიდებლობის 30 წლიან ისტორიაში ერთადერთმა შეძლო მესამე ვადით ძალაუფლების შენარჩუნება.

“სიძულვილისა და სიმწრისგან დაბრმავებულმა ოპოზიციამ საარჩევნო უბნებს წესიერად დახურვაც არ აცადა და გაყალბებაზე ლაპარაკი დაიწყო. მთელი ოპოზიცია მართლაც გაერთიანებული ბრალდებებითა და შემართებით უტევს “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს”,– წერს ბოლქვაძე და ძიძიგურს იმ განცხადებებს ახსენებს, სადაც ის ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნული მმართველი არ არის.

ბოლქვაძე ძიძიგურისგან საპასუხო წერილს ელოდება.