ხვალვე დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ გახარიას გადადგომის შემდეგ მთავრობის ფორმირება ხვალიდან დაიწყება.

“გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი. სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე, თუმცა სამწუხაროდ არგუმენტი, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ვერ მოვისმინეთ.

ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე. მოვუწოდებ ნიკა მელიას, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში”– თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ ხვალ ქართული ოცნების პოლიტსაბჭო ახალ პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს.