ფრანგი ექიმების ცოტა ხნის წინანდელ დასკვნას იმის შესახებ, რომ კორონავირუსით მწეველები ნაკლებად ავადდებიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. დასკვნა იმის შესახებ, რომ მწეველები კორონავირუსით ნაკლებად ავადდებიან პარიზის პიტიე–სალპეტრიერის საავადმყოფოს მედიკოსებმა საკუთარ პაციენტებზე დაკვირვებით გამოიტანეს. თუმცა ეს დასკვნა ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს და მას შემდეგ დავა არ წყდება.
“მოწევა როგორც ჩანს დამცავ ფარად იქცევა. ნიკოტინი პოტენციური დამცავი ნივთიერებაა, რომელიც ვირუსს ორგანიზმში შეღწევის საშუალებას არ აძლევს“– ნათქვამია საავადმყოფოს კვლევაში.
ამ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებული 340 პაციენტიდან მწეველი მხოლოდ 4.5 % აღმოჩნდა, პაციენტების საშუალო ასაკი 65 წელი იყო. თითქმის 140 ამბულატორულ პაციენტს შორის კი მაჩვენებელი ოდნავ მაღალი– 5.3% აღმოჩნდა(საშუალო ასაკი 44 წელი).
გარდა ამისა, AP-HP ცენტრის გათვლით, რომელიც პარიზის და დედაქალაქის რეგიონის საავადმყოფოს აერთიანებს, კოვიდ 19 –ით ჰოსპიტალიზირებულ 11 000 პაციენტს შორის მხოლოდ 8.5% აღმოჩნდა მწეველი, იმ ფონზე, როცა საფრანგეთში ყოველდღიურად მოსახლეობის მეოთხედი ეწევა.
“პაციენტებს შორის, რომელთა ჰოსპიტალიზაცია პიტიე–სალპეტრიერის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოხდა და რომლებიც კონსულტაციაზე მოვიდნენ, მწეველი იმაზე ხუთჯერ უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მონაცემები ვეიფინგის შესახებ ჯერჯერობით არ გვაქვს. დამატებითი კვლევა უნდა ჩატარდეს. შესაძლოა საქმე ნიკოტინშია, მაგრამ ეს ჯერ დამტკიცებული არ არის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მოწევა უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე კორონავირუსი“– დაწერა ტვიტერზე პროფეოსრმა ბერტრან დაუტცენბერგმა.
საავადმყოფოს ექიმები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინი შესაძლოა კორონავირუსის პროფილაქტიკის საშუალება იყოს. უახლოეს მომავალში ისინი ნიკოტინის პლასტრების კორონავირუსიან პაციენტებზე გამოცდას აპირებენ.
როცა ეწევით, ვირუსი ხელებიდან პირში ხვდება
ფრანგი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მონაცემები გაოცების მიზეზი გახდა ბევრისთვის, თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას. ორგანიზაციის მონაცემებით ნიკოტინი ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს. მწეველების ნახევარი სწორედ ამ ჩვევის გამო კვდება.
ისინი ვინც ეწევიან ინფექციის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან– ამბობს ჯანმო. და საქმე მხოლოდ ფილტვების მდგომარეობაში არ არის.
“როდესაც ეწევით, თითები და შესაძლოა სიგარეტიც, რომლებზეც უკე მოხვდა ვირუსი ტუჩებს ეხებიან. ეს ზრდის იმის შანსს, რომ ვირუსი, რომელიც თქვენს ხელზეა პირში მოხვდეს“–წერს ჯანმო.
გარდა ამისა, მწეველებს შესაძლოა აწუხებდეთ ფილტვების პრობლემა, მათ შორის მათი მოცულობის შემცირება, ეს კი მძიმე დააადებების განვითარების შანსს ზრდის.
“როცა ჟანგბადის მოთხოვნილება იზრდება, ფილტვებს კი მისი მიღების უნარი დაქვეითებული აქვს, იზრდება ფილტვების მძიმე დაავადების განვითარების რისკი, მათ შორის პნევმონიის“– ამბობენ ჯანმოში.
ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მარტის ანგარიშში მწეველები მოწყვლად ჯგუფში მოხვდნენ.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მწეველებში ისეთივეა, როგორიც არამწეველებში, თუმცა მათ უფრო ხშირად ემართებათ პნევმონიის მძიმე ფორმა.
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის, მერსის აფეთქებისას 2012 წელს მწეველები უფრო ხშირად კვდებოდნენ, ვიდრე არამწველები.
თუმცა, ამჯერად ფრანგი მეცნიერების კვლევამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კვლევის გამოქვეყნებიდან მალევე ქვეყნის ხელისუფლებამ მკვეთრად შეამცირა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა.
ის, ვინც ნიკოტინდამოკიდებულებას ებრძვის 11 მაისიდან აფთიაქებში ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მხოლოდ ერთი თვის მარაგის შეძენას შეძლებს, როგორიც არის მაგალითად პლასტირები და საღეჭი რეზინი. ონლაინ გაყიდვები მთლიანად შეწყდა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იძულებული გახდნენ ეს ზომები მიეღოთ, რადგან გაჩნდა ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მასობრივად ყიდვის ტენდენცია, Covid19-ისგან თავის დასაცავად.