ჯუგაანში დაიწვა 68 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სახლი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დამწვარი სახლი  მამუკა მოკვერაშვილს ეკუთვნის, რომელმაც, შსს-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ ამავე სოფელში 68 წლის ქალი მოკლა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შენობის ძირითადი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 იანვარს დააკავა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი კაცი, რომელმაც უწყების ცნობით, 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.